2024 წელს ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა პენსიის ზედა ზღვარი 560 ლარიდან 1000 ლარამდე გაიზრდება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2024 წლის ბიუჯეტზე საუბრისას აღნიშნა.
„მთავრობის გადაწყვეტილებით, ყოფილი პოლიციელები, ჯარისკაცები, სპეცსამსახურის თანამშრომლები გაზრდილ პენსიას მიიღებენ. 560 ლარი იყო პენსიის მაქსიმალური ზღვარი და 1000 ლარამდე გაიზრდება. ასევე, საშუალოდ 20%-ით გაიზრდება ნამსახურებ თითოეულ წელზე გათვლილი თანხის მოცულობა. გვინდა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ მადლიერება ჩვენი ძალოვანი უწყებების მიმართ და ეს იქნება ღირსეული პენსია, რომელიც, ეტაპობრივად, ყოველ წელს გვინდა, შემოსავლის მიხედვით, გაიზარდოს. ასევე, მადლიერებას გამოვხატავთ სამსახურებრივი მოვალეობისას დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების მიმართ. მათი კომპენსაცია 1000 ლარიდან 1200 ლარამდე გაიზრდება. გაიზრდება 9 აპრილის მონაწილეთა, პოლიტრეპრესირებულთა ოჯახის წევრების ყოველთვიური საყოფაცხოვრებო სუბსიდიაც. ჯამურად ეს დიდი თანხაა და რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.