LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძლიერი საქართველო“ ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, მანდატების დატოვებისა და სიების ჩახსნის პროცედურული ქმედება ერთობლივად, ერთ დღესა და ერთ დროს განახორციელონ – გაერთიანება მზაობას გამოთქვამს, აქტი პრეზიდენტის ჩართულობით შესრულდეს

122
Capture

„ძლიერი საქართველო“ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ვისაც საპარლამენტო მანდატი აქვს მიღებული, სთავაზობს, რომ შესაბამისი პროცედურული ქმედება ერთობლივად – ერთ დღესა და ერთ დროს განახორციელონ და სიების ჩახსნისა და მანდატების დატოვების მოთხოვნით შესაბამის უწყებებს ერთად მიმართონ. ამის შესახებ განცხადებას „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამით წერტილი დაესმება ინტერპრეტაციებს და სპეკულაციებს.

„ძლიერი საქართველოს” პოლიტსაბჭომ დღეს ოფიციალურად კენჭი უყარა და დაამტკიცა გადაწყვეტილება საპარლამენტო სიების ჩახსნისა და მანდატების ოფიციალურად დატოვებასთან დაკავშირებით. პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მხარი პოლიტსაბჭოს უმრავლესობამ დაუჭირა.

გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, რომ არც ერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა, რომელმაც მიიღო წარმომადგენლობითი მანდატი, ლეგიტიმაცია არ მიანიჭოს „ქართული ოცნების” პარლამენტს და უარი თქვას მისთვის მინიჭებული მანდატების გამოყენებაზე. ამის თაობაზე განაცხადი ყველა ოპოზიციურ სუბიექტს გაკეთებული აქვს.

“საარჩევნო კოდექსის” 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება დასაშვებია ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, “პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი: პარლამენტს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.” შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მიმართვა დასაშვებია პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების შემდეგ, რომელზეც ხდება ახლად არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობა.

შესაბამისად, ჩვენ ვთავაზობთ ყველა ძალას, ვისაც მიღებული აქვს მანდატები კანონით განსაზღვრული წესით, ერთობლივად, ერთ დღეს, ერთ დროს განვახორციელოთ ეს პროცედურული ქმედება და ერთად მივმართოთ სიების ჩახსნისა და მანდატების დატოვების მოთხოვნით შესაბამის უწყებებს, ამით წერტილს დავუსვამთ ინტერპრეტაციებს და არ მივცემთ არავის ამ თემაზე სპეკულაციების საშუალებას.

მეტი საჯაროობისთვის, მზად ვართ, ეს პოლიტიკური აქტი განვახორციელოთ პრეზიდენტთან შეთანხმებით და მისი ჩართულობით”, – წერია ხაზარაძის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g