„ტვ პირველის“ ჟურნალისტის, მარიამ მაკასარაშვილის თქმით, მან ტვინის შერყევა მიიღო.
როგორც მარიამმა „ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, მას ინგოროყვას კლინიკაში ცოტა ხნის წინ გამოკვლევები ჩაუტარდა და ექიმების გადაწყვეტილებით ის სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.
მაკასარაშვილის თქმით, მას კლინიკიდან ზეგ გაწერენ.
„ძლიერი ტვინის შერყევა მაქვს. ზეგ უკვე გამომწერენ. რამდენიმე კვლევა ჩამიტარეს და სახეზე დაბეჟილობაც მაქვს, ამიტომ საჭიროა, რომ კლინიკაში დავრჩე. თავბრუს ხვევაც მაქვს.
ჩვენი პირადი ტექნიკა ჰქონდათ გატაცებული. ადგილზე არავინ არ მოსულა. მოვიდა მხოლოდ სასწრაფო, ისიც 1 საათის შემდეგ. საათსა და 15 წუთში ადგილზე მოვიდა კრიმინალური პოლიციის ორი თანამშრომელი. ჩვენი დიალოგი იყო ზუსტად ასეთი, ამ ადამიანებმა მკითხეს, თქვენ ხართ დაზარალებულიო? კი-მეთქი, კარგითო და წავიდნენ. იმის შემდეგ თვალით არ მინახავს ისინი. ჩემი გამოკითხვა მათ ადგილზე არ მოუხდენიათ, თავდამსხმელიც არ გამოუკითხავთ, სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები არ ამოუღიათ“, – ამბობს მაკასარაშვილი.