ძლიერმა წვიმამ ქობულეთში პრობლემები შექმნა. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, დატბორილია ქობულეთის ნაწილი, სოფლებში კი მეწყერული პროცესები ვითარდება. ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის თქმით, წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა და ქობულეთის უბნები დატბორა.
“სოფლებში ამ დრომდე ძლიერი მწვიმაა, გვაქვს მეწყრული პროცესები. მდინარე აჭყვის ადიდების შედეგად კი, ქობულეთში ავტოსადგურის ტერიტორია და კიდევ რამდენიმე უბანი დატბორა. ზღვაზე ტალღები არ არის და სანაპირო ზოლზე პრობლემები არ გვაქვს”, – აღნიშნა სულხან ევგენიძემ.
ამასთან, როგორც სამაშველო სამსახურში აცხადებენ, მაშველები ქობულეთში დატბორილ ქუჩებში ჩარჩენილი მანქანების გამოყვანას ცდილობენ. სამაშველო სამსახურში განმარტავენ, რომ წვიმის გადაღებისთანავე შესაბამისი სამსახურები ამოტუმბვით სამუშაოებს დაიწყებენ.
სტიქიის ადგილზე მაშველები გურიიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან ჩავიდნენ.
