ძმარი 10 ათასი წელია არსებობს და მის წარმოშობას ყურძენს უნდა ვუმადლოდეთ. დიდი ხნის წინ ადამიანებმა შეამჩნიეს, რომ თუ ჭურჭელს 2-3 კვირას თავახდილს დატოვებდნენ, ღვინო ამჟავდებოდა და ძმრად იქცეოდა. შემდეგ მოიფიქრეს არ გადაეღვარათ და მისთვის სხვა დანიშნულება მოეძებნათ. გაირკვა, რომ ეს ახალი პროდუქტი უნიკალური თვისებებით ყოფილა შემკული. სწორედ ამ აღმოჩენის შემდეგ დაიწყეს ღვინის სპეციალურად დაძმარება. ასე გაჩნდა თეთრი თუ წითელი ღვინის, ვაშლის და ბრინჯის ძმარი.

ძმარს ღვინისა და ვაშლისგან რომ ამზადებენ, ალბათ ყველამ იცის. არსებობს მრავალი სხვა სახეობის ძმარიც. ერთადერთი სახეობა, რომელსაც სამკურნალო თვისება არ გააჩნია, სინთეტიკური სუფრის ძმარია. ღვინის ძმარი შაქრით ვაშლის ძმარზე მდიდარია. შეიცავს ღვინის, ჭიანჭველას, ასკორბინისა და სხვა მჟავებს. სხვათა შორის, ძმრის სამკურნალო თვისებებს სწორედ ორგანული მჟავები განაპირობებს. ღვინის ძმრით მკურნალობენ ორგანიზმის საერთო სისუსტეს, ნერვული სისტემის გადაძაბვას, სისხლნაკლებობას. როგორც წესი, ორგანიზმში, ასეთი ცვლილებები ნივთიერებათა ცვლის მოშლით და უმადობით მიმდინარეობს. სწორედ აქ გვშველის ძმარი – ის დადებითად მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე, ხელს უწყობს წნევის დაბალანსებას.
ვაშლის ძმარი საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას არეგულირებს, ღვინისა აუმჯობესებს სასუნთქი სისტემის ფუნქციობას. მას ამოსახველებელი მოქმედება აქვს, ამიტომ იყენებენ ბრონქიტის, პლევრიტის, ტუბერკულოზის საწყის სტადიაში. ღვინის ძმარი თაფლთან ერთად განსაკუთრებით უხდება კუჭ-ნაწლავს. ძმრისა და მისგან დამზადებული ბალზამის არაჩვეულებრივი თვისებების შესახებ ძველ რომშიც იცოდნენ. იგი არჩენდა მრავალ სენს, ებრძოდა უძილობასა და დეპრესიას.

ძმარი ნივრითა და ლიმონით მრავალმხრივი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა – იმუნომოდულატორული, ანთების, გაციების, გრიპის, ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო. მეტად სასარგებლოა კენკრისგან დამზადებული ძმარი. ის ნაკლებად მჟავეა და ცივ წყალში გახსნისას არაჩვეულებრივ ვიტამინიზებულ ხილის სასმელად გარდაიქმნება. შავი მოცხარის ძმარი პოლი-ვიტამინური პროდუქტია. ახასიათებს ღვინის ძმრის მსგავსი ზოგად-გამაჯანსაღებელი მოქმედება. გამოიყენება რევმატიზმისა და პოდაგრის სამკურნალოდ. მაყვლისა და ჟოლოს ძმარი უხდება გაციებას, მაღალ ტემპერატურასა და თავის ტკივილს. ალუბლის ძმარი დადებითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ხსნის ნერვულ აღგზნებას. მარწყვის ძმარი სასარგებლოა გულისთვის. შლის თირკმლის კენჭებს. წითელი მოცხარის ძმარი სიცხის დამწევი და მარილების გამომტანია. ქაცვის ძმარი ჭრილობების შეხორცებას უწყობს ხელს. მოცვის ძმარი აუმჯობესებს მხედველობას. შტოშის ძმარს აქვს ბაქტერიოციდული მოქმედება. სასარგებლოა წინამდებარე ჯირკვლის ფუნქციონირებისთვის. წითელი მოცვის ძმარს ანტისეპტიკური მოქმედება აქვს.