LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რაც დილას ამ ამბის გაგების შედეგად დამეუფლა… 25 წელზე მეტი იმუშავა და უსაზღვროდ დიდი სითბო და სიყვარული დათესა“ – ცნობილი ექიმი დიმიტრი ყოჩიაშვილი გარდაიცვალა

267
დიმიტრი ყოჩიაშვილი

58 წლის ასაკში ოტორინოლარინგოლოგი დიმიტრი ყოჩიაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას დედოფლისწყაროს ტელევიზია ავრცელებს.

„დიმიტრი 32 წლის განმავლობაში დედოფლისწყაროელების ჯანმრთელობის სადარაჯოზე იდგა. დედოფლისწყარომ დაკარგა დიდი პროფესიონალი, საუკეთესო თვისებებით შემკული, ყველასთვის საყვარელი ადამიანი“. – ვკითხულობთ დედოფლისწყაროს ტელევიზიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დიმიტრი ყოჩიაშვილს ოჯახის ახლობლები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.

„ძალიან ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რაც დილას ამ ამბის გაგების შედეგად დამეუფლა. გარდაიცვალა ჩემი ბავშვობის მეგობარი, ბიძაშვილი,კურსელი, რაიონის გამორჩეული კოლორიტი თამადა და კარგი ექიმი დიმიტრი ყოჩიაშვილი.

დიტო იყო დედოფლისწყაროს კლინიკის ოტორინოლარინგოლოგი – რეგიონული ჯანმრთელობის ცენტრის სამედიცინო დაწესებულებაში 25 წელზე მეტი იმუშავა და უსაზღვროდ დიდი სითბო და სიყვარული დათესა. მედიცინა მისთვის იყო დიდი პასუხისმგებლობა და დიდი სიხარული პაციენტის გამოჯანმრთელების შედეგად რომ ეუფლებოდა

დიტო იყო კარგი მეუღლე, ლამაზად გაზრდილი სამი ქალიშვილის მამა, რომლებიც მის გზას გაჰყვნენ და სპეციალობა-ექიმობა აირჩიეს.

დიტო პედაგოგების ოჯახში გაიზარდა და სხვანაირი ვერც იქნებოდა.

ხშირად იცოდა გამოთქმა – „ტრუსიკის მეგობრები ვართო” ამ თბილი, სახალისო და გულწრფელი გამოთქმით გამოხატავდა ჩვენს უნიკალურ ურთიერთობას.

კურსის არცერთ ექსკურსიას არ აკლდებოდა, ჩვენს გვერდით იყო და აფრქვევდა სითბოსა და სიყვარულს.

ამ უმძიმეს წუთებში, მთელი გულით ვიზიარებ დიტოს ოჯახის წევრების, მამის-ამაგდარი პედაგოგის, ეგული ყოჩიაშვილის ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ მთელი კურსის სახელით.

გლოვის ზარი თითოეული დედოფლისწყაროელის გულში ირეკება, ირეკება ხმაურით, ძლიერად, რომ ყველას მისწვდეს ჩვენი ტკივილის ხმა.

ჩვენი დიტოს ეს ერთი ამოსუნთქვით დაწერილი ტექსტი მინდა დავამთავრო:

„ქარვათა მორევში ეშვება ფარდები,

საღამო კანკალებს კრძალვით და რიდობით,

ქვითინებს მამული, ტირიან ვარდები,

მშვიდობით, მშვიდობით” – წერს ოჯახის ახლობელი ნატო ხატიაშვილი.

როგორც „ფორტუნას“ ოჯახის ახლობელმა განუცხადა, დიმიტრი ყოჩიაშვილი მოულოდნელად გულით გარდაიცვალა.

ცნობისთვის, დიმიტრი ყოჩიაშვილი 25 წელზე მეტი მუშაობდა რეგიონული ჯანმრთელობის ცენტრის სამედიცინო დაწესებულებაში. როგორც კოლეგები და მეგობრები ამბობენ, მისთვის მედიცინა უდიდესი პასუხისმგებლობა და იმავე დროს დიდი სიხარული იყო – პაციენტების გამოჯანმრთელება მისთვის ცხოვრების მთავარი მიზანი და პროფესიული წარმატების საზომი გახლდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g