ბაზარზე ახალგამოჩენილი მინერალური წყლის – ”ძუღურის” რეალიზაცია უკვე მთლიანად საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. წყალი, რომელიც სამკურნალო თვისებებით ხასიათდება, სააფთიაქო ქსელ ”ფარმადეპოში” იყიდება და მისი ღირებულება 1 ლარია.
”თუ აქამდე მხოლოდ თბილისის მასშტაბით ხდებოდა ჩვენი პროდუქციის რეალიზაცია, ამიერიდან მომხმარებელს ”ძუღურის” შეძენა რეგიონებშიც შეუძლია. ბაზარზე პროდუქციის ცნობადობა ნელ-ნელა იზრდება და ამის პარალელურად იზრდება მოთხოვნაც”, – აღნიშნეს მინერალური წყალის მწარმოებელ კომპანია ”ძუღური 2015-ში”.
მათივე ცნობით, გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, პროდუქცია მცირე რაოდენობით იწარმოება, ამის მიზეზი კი „ძუღურის“ მცირე დებეტია.
”წყალს იმდენად მცირე დებეტი აქვს, რომ ექსპორტზე მისი გატანა შეუძლებელია, უფრო მეტიც, შიდა ბაზრის სრულიად უზრუნველყოფისთვის არ არის საკმარისი. ამას ისიც ემატება რომ წყლის სათავე ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზეა და საკმაოდ მიუწვდომელ ადგილზეა განთავსებული. მიუხედავად ამისა, წყალი იმდენად ეფექტურია, რომ ადამიანები წყლის სათავემდე ცხენებით ან სპეციალური მანქანებით ადიან, კარვებს შლიან და კვირაობით რჩებიან, რათა „ძუღური“ დალიონ და იმკურნალონ”, – განაცხადეს კომპანიაში.
ცნობისთვის, სამკურნალო წყალი ცაგერში ძალიან მაღალზე, მიუდგომელ ადგილზე ამოდის. „შ.პ.ს ძუღური 2015-მა”, სირთულეების მიუხედავად, წყალი 12-კილომეტრიანი მილით, ცაგერის მიმდებარე ტერიტორიამდე ჩაიყვანა და მისი ჩამოსხმა დაიწყო.
კვლევების საფუძველზე, საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ, მინერალურ წყალ „ძუღურს“ სამკურნალო წყლის კატეგორია მიენიჭა. ამავე ბრძანებაში მითითებულია, რომ მინერალური წყალი „ძუღური“ ეფექტურია: დიაბეტის, ნევროზის, ჭარბი წონის, რკინა დეფიციტური ანემიის და პოდაგრის დროს და ასევე, აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციებს.
როგორც “ფორტუნას” მინერალური წყლის ჩამომსხმელ კომპანიაში განუცხადეს, დღეისათვის “ძუღური” საფუძვლიანად არის შესწავლილი. ცნობილია, რომ ის დაბალ მინერალიზებული წყალია, ამიტომ მისი მიღება სხვა მინერალური წყლებისგან განსხვავებით, სასმელი წყლის ნაცვლად შესაძლებელია. „ძუღურის“ შემადგენლობა განაპირობებს ადამიანის ორგანიზმში ინსულინის სინთეზს და მისი ეფექტურობის გაუმჯობესებას, არეგულირებს ცხიმოვან, ნახშირწყლოვან და მარილოვან ცვლას.