2018 წლის 1-ლი იანვრიდან, 1995 წლის ემისიის 50 თეთრის ნომინალის მონეტას, გადახდის კანონიერი საშუალების სტატუსი აღარ ექნება.
ე.წ. ოქროსფერ 50-თეთრიან მონეტა ახალი, თანამედროვე სტანდარების მონეტით ჩანაცვლდება, რომელიც ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევაში 2006 წელს გაუშვა.
2018 წლის 1 იანვრიდან, სავაჭრო და ნაღდი ფულით მომსახურების ობიექტებს აღარ ექნებათ ანგარიშსწორების მიზნით “ოქროსფერი” 50-თეთრიანების მიღების ვალდებულება.
ერთი წლის განმავლობაში, ძველი 50 თეთრიანის ნომინალური ღირებულებით გამოცვლა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ კომერციულ ბანკსა და საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში, ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან – მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში. (მისამართი: თბილისი, 0198, კახეთის გზატკეცილი 72).
ცნობისთვის, 2006 წლის გამოშვების ვერცხლისფერი მონეტა სპილენძ-ნიკელისაგან შედგება და მისი დიამეტრი 24 მმ-ი, ხოლო წონა 6,5 გ-ია. ავერსზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, წარწერა „საქართველო“ და გამოშვების წელი “2006”, ხოლო რევერსზე – ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი “50” და წარწერა “თეთრი”.
გაყალბებისგან დაცვის თვალსაზრით მონეტის ორივე მხარეს მიკროელემენტის სახით დატანილია ძველი კოლხური თეთრის ანალოგი – ლომის თავის გამოსახულება, ხოლო მონეტის წიბო დაღარულია და ჩატვიფვრულია ქართულ-ინგლისური წარწერა “საქართველო Georgia” და ხუთქიმიანი ვარსკვლავი.