LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძველი, დახეული სახეები ახლების გვერდით – დაჯარიმდებიან თუ არა წელს პარტიები პლაკატების გაკვრისთვის

საქართველოში წინასაარჩევნო ციებ-ცხელება არ არის, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობს. მზადების ერთ-ერთი ნაწილი პიარ კამპანიაა, რომლის ფარგლებშიც, კანდიდატები სხვადასხვა ხერხს მიმართავენ, მათ შორის პლაკატებისა და ბანერების გაკვრის სახით.

არჩევნების შემდეგ, ეს პლაკატები ნახევრად ჩამოხეულ, უსარგებლო ქაღალდებად იქცევა და ქალაქის იერსახეს კიდევ უფრო ამახინჯებს. ამისთვის თეორიულად ჯარიმებია დაწესებული, თუმცა პრაქტიკაში მისი განხორციელების ფაქტები იშვიათია.

ჯარიმებით და ჯარიმების გარეშე, რას ფიქრობენ პარტიებში პლაკატების გაკვრაზე, რამდენად დიდ ყურადღებას აქცევენ მის დროულად ჩამოხსნას, „ფორტუნასთან“ თავად კანდიდატების წარმომადგენლები საუბრობენ.

“გირჩში”, ისევე როგორც ყველაფერს, წინასაარჩევნო კამპანიასაც განსხვავებულად წარმართავენ, როგორც პარტიაში „ფორტუნას“ განუცხადეს, ზურა ჯაფარიძის პლაკატები ქუჩებში არ გაუკრავთ და არც მომავალში აპირებენ. მათ ბანერების განთავსებისთვის, ყველაზე პოპულარული სივრცე, ინტერნეტი აირჩიეს.

„პლაკატების გაკვრა არამომგებიანია… იგივე თანხებით შესაძლოა, უკეთესი მიზნის მიღწევა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საერთოდ არ გამოვიყენოთ კამპანიაში ბანერები და პლაკატები,“ – განაცხადეს „ფორტუნასთან“ „გირჩში”.

ზურაბ ჯაფარიძემ საარჩევნო ბანერები პორნო-საიტზე განათავსა.

განსხვავებით მათგან, გრიგოლ ვაშაძისა და დავით ბაქრაძის პლაკატები ქუჩებში უკვე მრავლადაა.

ბანერებს და პლაკატებს დიდ ყურადღებას აქცევს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის პიარ ჯგუფიც.

როგორც მათ “ფორტუნასთან” განაცხადეს, არჩევნების შემდეგ, ბანერების დასუფთავებისთვის არავის ქირაობენ.

“სრულად ჩვენი რესურსით ვახერხებთ პლაკატების გაკვრას და არჩევნების შემდეგაც რა თქმა უნდა, ჩვენივე რესურსით, სრულად დავასუფთავებთ,” – განაცხადეს მათ.

დავით ბაქრაძის პლაკატები

ნათელაშვილის საარჩევნო შტაბს, პლაკატების გაკვრა ჯერ არ დაუწყია. როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის პიარმა „ფორტუნასთან“ განაცხადა, ყოველ წელს, ამ საქმეს „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთა აკეთებს და სწორედ მათ ევალებათ, არჩევნების შემდეგ დასუფთავებაც.

„ვიქცევით ისე, როგორც კანონითაა გათვალისწინებული, არჩევნების შემდეგ პლაკატებს ასუფთავებენ ჩვენი წევრები, ეს სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმებია, ამიტომ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამას,“ – განაცხადეს „ლეიბორისტულ პარტიაში“.

რთულია იმის კონტროლი, ვინ აკრავს და შემდეგ ვინ ასუფთავებს პლაკატებისგან ქალაქს, რადგან ყოფილა შემთხვევები, როცა პარტიებს თავი აურიდებიათ პასუხისმგებლობისგან… ამიტომ, დარჩენილ პლაკატებზე ჯარიმები აქამდე მხოლოდ ქაღალდზე რჩებოდა.

ამის ნათელი მაგალითი კი, ახალი პლაკატების გვერდით დარჩენილი ძველი კანდიდატებია.

გაგარინის დაღმართი. ელენე ხოშტატიასა და გიორგი ვაშაძის პლაკატები – შემორჩენილია წინა არჩევნებიდან

 

შეგახსენებთ, 28 აგვისტოდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, დედაქალაქში სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილებზე, პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება – 200 ლარით ჯარიმდება.

ორჯერ გაიზარდა იმავე ქმედების განმეორებით ჩადენისას ჯარიმის ოდენობაც და კანონის დამრღვევს 500 ლარის ნაცვლად 1000 ლარის გადახდა მოუწევს.

ამასთან, სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილებზე, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. განმეორებით აღნიშნული ფაქტის ჩადენაზე ჯარიმა 1000-დან 2 000 ლარამდე გაიზარდა.

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში “ფორტუნასთან” აცხადებენ, რომ გამკაცრებული კანონმდებლობა ეხება პოლიტიკურ რეკლამასაც, თუმცა როგორ და რა ფორმით ხდება მისი აღსრულება, უცნობია.

თამთა უთურგაშვილი

magti 5g