პირველ თებერვალს, რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM” მუსიკოსი Sophie Villy სტუმრობდა, რომელმაც ბოლო ნამუშევარზე „რამ შემქმნა ადამიანად“ და თავისუფალ შემოქმედებით სივრცეზე Soulscope-ზე ისაუბრა.
– სოფო, 10 წელი უსრულდება შენს სადებიუტო ალბომს. ვისთან ერთად იმუშავე ალბომზე და რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის ეს ნამუშევარი?
– რა თქმა უნდა, დღეს ბევრად კრიტიკულად ვაფასებ. ბევრ რამეს შევცვლიდი როგორც ტექნიკური, ისე შესრულების თვალსაზრისით, თუმცა მაინც ძვირფასი და ძალიან მნიშვნელოვანი ნამუშევარია, რადგან 20 წლის ასაკში გამოვუშვი და პირველ სიმღერებს მოვუყარე თავი. ალბომი bravo records-ში ჩავწერე სანდრო ნიკოლაძესთან, ლევან მიქაბერიძესთან და გიორგი ბერიშვილთან ერთად. 22 თებერვალს ალბომს 10 წელი უსრულდება და იუბილეს აღნიშვნა კონცერტის მოწყობით გადავწყვიტეთ.
– რას გულისხმობს შემოქმედებითი სივრცე soulscope?
– სტუდია მეოთხე წელია არსებობს. პირველი 3 წელი ერთგვარ საცდელ რეჟიმში ვიმუშავეთ, რადგან ბავშვებთან მუშაობის გამოცდილების მიღება და იმ მეთოდების გარკვევა მინდოდა, რომლებიც ყველაზე სასარგებლო და შედეგიანი იქნებოდა. ჩვენს სტუდიაში ბავშვები საკუთარი თავის პოვნას ცდილობენ და საკუთარი თავის მოსმენას მოსმენას. soulscope-ში მეტწილად 6-13 წლის ბავშვები სწავლობენ, რომლებიც გარკვეული აქტივობების წყალობით ჯერ თეორიულად ეცნობიან მუსიკის და ხელოვნებას, სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრისა და გამოცდილების შეძენის შემდეგ კი, მუსიკის წერას იწყებენ. უკვე ჩავწერეთ soulscope-ის ჰიმნი, რომლის მუსიკა სტუდიის ერთ-ერთმა პირველმა მოსწავლემ საბა ინდუაშვილმა დაწერა, ტექსტზე კი, ყველამ ერთად ვიმუშავეთ.
– როგორ შეიქმნა სიმღერა „რამ შემქმნა ადამიანად“?
– „რამ შემქმნა ადამიანად“ ჩემი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია. „თეგეტა“-ს ჰქონდა ძალიან საინტერესო კამპანია „იზრუნე“ და სწორედ ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა სიმღერაც. სერიოზულ გამოწვევად იქცა კომპოზიციაზე მუშაობა, რადგან ვაჟას ტექსტზე მომიწია მუსიკის დაწერა. მართალია, უკვე არსებობდა სიმღერის ძველი ვერსია ნატო მეტონიძის შესრულებით, მაგრამ მე სრულად ახლის და განსხვავებულის შექმნა მთხოვეს. ბევრი ვიმუშავე, ძალიან მოვინდომე და ზუსტად ერთ კვირაში დავწერე ახალი კომპოზიცია.