საქართველოში 10-17 წლის მოზარდების 50% მოკლებულია ვიტამინებით მდიდარ სურსათს; ოჯახების 14% სისტემატურად სესხულობს ფულს სურსათის შესაძენად; საქართველოს მოსახელობის 61% ხორცეულისა და თევზეული დეფიციტს განიცდის.
ეს ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია ”ოქსფამის” საქართველოს წარმომადგენლობის კვლევის შედეგებია. კვლევა ორგანიზაციამ სომხეთსა და საქართველოში ჩაატარა. შედეგად ”ოქსფამმა” დაასკვნა, რომ სურსათის წარმოების ინდექსი დაბალია, მასზე ხელმისაწვდომობა – რთული, ანუ ძვირი; ბაზარზე ჭარბადაა სახამებლიანი პროდუქტი, ცილები კი ნაკლებად ხელმისაწვდომია, რაც იწვევს ბავშვებში ზრდის შეფერხებას და განუვითარებლობას. ”ასეთი ბავშვების მაჩვენებლი რეგიონში მაღალია” – აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე ცნობით, რეგიონში სურსათის ძირითადი მწარმოებლები და გადამამუშავებლები ქალები არიან. ”მცირე მეურნეთა 54% საქართველოში და 58.7% სომხეთში ქალია, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს სექტორი გენდერულად დაბალანსებულია. ქალები ხშირად ყველაზე მოწყვლად სოციალურ ჯგუფს წარმოადგენენ, განსაკუთრებით სოფლებში, სადაც მათ ორმაგი ტვირთი აწვეთ. მათ ხელი არ მიუწვდებათ მექანიზაციაზე და განთლებაზე და არ არიან ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში” – ნათქვამია კვლევაში.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით, გარდა იმისა, რომ ოჯახები საკვების შესაძენად ფულს სესხულობენ, ასევე აღინიშნება ე.წ. ფარული შიმშილი, რაც გულისხმობს იმას, რომ საკვებს, რომელსაც ოჯახები მიირთმევენ ჯანსაღი არ არის.
”ამასთან, ვინაიდან ქალები არიან საკვების ძირითადი მწარმოებლები, ხშირ შემთხვევაში ისინი იჩაგრებიან, რადგან მათ ხელი არ მიუწვდებათ სრულფასოვან საკვებზე. ამან მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაიკავოს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების საკითხში. ჩვენი მხრიდან სტრატეგიების მონიტორინგი გაგრძელდება, და არ შევწყვეტთ დახმარებას მიზნის მიღწევამდე” – განაცხადა იანიოშ ჰერმანმა.
როგორ აპირებს საქართველო აღნიშნული გამოწვევების გამკლავებას და სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკის განვითარებას – სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი სამინისტროს მიერ შემუშავებულ სტრატეგიაზე საუბრობს. მისი თქმით, თანადაფინანსების, აგროდაზღვევის და ჩაის წარმოების წახალისების პროგრამები სწორედ მოსავლიანობის გაზრდას და თვითუზრუნველყოფის მიზანს ემსახურება.
”ჩვენ ვხედავთ ხორბალთან მიმართებაში როგორ იზრდება თვითუზრუნველყოფის დინამიკა. გასულ წელს თვითუზრუნველყოფა იყო 13%. გარწმუნებთ, რომ წელს გაცილებით მეტი იქნება, რადგან 20-30%-ით მეტ მოსავალს ველოდებით და ფართობების ნაწილშიც გაზრდილია. იმედი მაქვს, 20%-მდე მიაღწევს თვითუზრუნველყოფა ხორბალში. რაც შეეხება მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, აქაც დინამიკა არის ზრდისკენ, თუნდაც რძის ნაწილში, რადგან რამდენიმე წლის წინ არ არსებობდა სამრეწველო რძე. დღეს უკვე არის რამდენიმე ფერმა და დარგიც დინამიკურად იზრდება. იმპორტის ნაწილი მცირდება ხორცზე და შეცვლილია გეოგრაფია – გასულ წლებში ხორცის 40-დან 70%-მდე ბრაზილიიდან და ინდოეთიდან შემოდიოდა, დღეს კი ამ მხრივ წინ არის გერმანია, უკრაინა, ჰოლანდია, რაც პოზიტიური ცვლილებაა,” – განმარტავს ცოფურაშვილი.
მისივე თქმით, აუცილებელია მიწის ბაზრის ჩამოყალიბება და მცირე ფერმერთა დაკრედიტების პროგრამების შემუშავება, რაზეც ცოფურაშვილის ცნობით, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.
”სოფლად განვითარების მიმართულება აუცილებლად გაითვალისწინებს შინამეურნეობებს და ცალსახად ჩამოყალიბებელი პოზიციაა, რომ ადამიანები რომლებიც ცხოვრობენ სოფლად, პროდუქტს ქალაქში არ უნდა ყიდულობდნენ. ის უნდა იქმნებოდეს ადგილზე” – აცხადებს ცოფურაშვილი, ამ მიზნის მისაღწევად, კი მცირე მეურნეობების განვითარებას ასახელებს.
მცირე ზომის ფერმერების პოტენციალის ამაღლებაა სომხეთის სახელმწიფო სტრატეგიაც. სომხეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე არმენ არუთინიანი ამბობს, რომ საქართველოს მსგავსად, სომხეთიც მხარს უჭერს თვითუზრუნველყოფის პოლიტიკას. ამ მიზნით, მალე სომხეთში წიწიბურის აქტიური წარმოების დაწყება იგეგმება, რათა დააკმაყოფილოს როგორც ადგილობრივი ბაზარი, ასევე რეგიონი.
”სომხეთში, ისევე როგორც საქართველოში, იყო ”კოლხიზები” და კოლმეურნეობები. ახლა ჩვენ გვაქვს მცირე ზომის მეურნეობები. ეს იყო დიდი გადასვლა – გადავედით სახელმწიფო საკუთრებიდან კერძო საკუთრებაზე, რაც ძალიან რთული იყო, რადგან მათ არავინ კარნახობდა როგორ მოქცეულიყვნენ. ვიცით, რომ სომხეთშიც და საქართველოშიც შემოსავლის უდიდესი წილი იხარჯება კვებაზე. ამიტომ ჩვენ გვაქვს სტრატეგია, რომელიც მოიცავს სოფლად ინფრასტრუქტურის განვითარებას, საკანონმდებლო ცვლილებებს და ინსტიტუციურ რეფორმას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას” – აღნიშნავს არუთინიანი.
ამ კუთხით, უნგრეთის გამოცდილებაზე საუბრობს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის უფროსი ექსპერტი უნგრეთში ლასზლო ვაიდა. ექსპერტის განმარტებით, საბანკო სექტორი სოფლის მეურნეობის დაფინანსებით მხოლოდ მაშინ ინტერესდება, როცა ის მომგებიანია. კი მაგრამ, როგორ გავხადოთ ის მომგებიანი თუ არ დაფინანსდა? – ჩნდება კითხვა.
”სომხეთშიც და საქართველოშიც, სოფლის მეურნეობა ჯერ არ არის მომგებიანი. 90-იან წლებში ეს დარგი არ იყო მომგებიანი უნგრეთშიც და მაშინ სახელმწიფომ გამოყო დამატებითი შესაძლებლობები, დამატებითი რესურსი. გავაკეთეთ სასოფლო-სამეურნეო საგარანტიო ფონდი, რომელიც ნაწილობრივ ევროკავშირმა დააფინასა და და ნაწილობრივ უნგრეთის მთავრობამ. დიდმა კომერციულმა ბანკებმაც სერიოზული თანადაფინანსება გამოყვეს. ეს იყო განმეორებადი ფონდი და ძალიან ცოტა ფული დაიკარგა, სამაგიეროდ სერიოზული შედეგი მივიღეთ” – განმარტავს ლასზლო ვაიდა.
კიდევ ერთი რამ, რაც უნგრეთში მცირე ზომის ფერმერების გასაძლიერებლად გაკეთდა, ექსპერტის თქმით, მწარმოებელთა ორგანიზაციების და ე.წ. ინტეგრატორების შექმნა იყო, რაც კერძო სექტორის ინიციატივის საფუძველზე მოხდა. მას შემდეგ, რაც ბანკებმა უარი თქვეს მცირე ზომის მეურნეობებთან მუშაობაზე, ფერმერებს უწევდათ თავი დიდი კლიენეტებად მოეჩვენებინათ. ამისთვის კი ქმნიდნენ კოოპერტივების მსგავს ორგანიზაციებს.
”ეს იყო კოოპერატივები არა ტრადიციული გაგებით, არამედ ახალი იურიდიული ფორმით, რომელსაც ევროკაშირი მწარმოებელთა ორგანიზაციებს უწოდებს. ეს ასე ხდებოდა: მსხვილმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მწარმოებლებმა და მიმწოდებლებმა, რომელებიც აწვდიან ბაზარს თესლს და დანადგარებს, კონტრაქტები დაუდეს რამდენიმე ინტეგრატორს. იტეგრატორი არის მაგ. 1000 მცირე ზომის მწარმოებელი, 100 ათასი ჰექტარი მიწით. ისინი ერთად მიმართავენ ბანკს, ერთად აწარმოებენ მოლაპარაკებას და თავიანთ პარტნიორებს აძლევენ კრედიტს კონტრაქტის ფარგლებში. ახლა ამ ინტეგრატორების რიცხვი შემცირდა, რადგან ფერმერები თვითონაც გაძლიერდნენ, გაიზარდა მათი ზომა და უფრო მომგებიანებიც არიან, მაგრამ თავიდან ძალიან მნიშვნელოავნი იყო ეს საგარანტიო ფონდი და ინტეგრატორი. სახელმწიფო პირდაპირ არ ეხმარებოდა ინტეგრატორებს, უბრალოდ აღიარებდა, რომ მათი როლი მნიშვნელოვანია და ერეოდა მხოლოდ მაშინ, თუ ინტეგრატორი ვინმეს ავიწროებდა. ანუ სახელმწიფო უზრუნველყოფდა ამ გარიგებების ურთიერთობის სამარლიანობას” – აღნიშნავს ვაიდა.
იმისათვის, რომ მხარდაჭერის პოლიტიკა წარმატებული იყოს, ექსპერტების განმარტებით, დაინტერესება არა მხოლოდ მთავრობის, არამედ მცირე ზომის ფერმერების მხრიდანაც უნდა მოდიოდეს – თუ ფერმერებმა არ შეცვალეს დამოკიდებულება, ისინი ჩააგდებენ ამ პოლიტიკას, – აცხადებენ სპეციალისტები.
ვიდრე მსჯელობა გრძელდება და ჯანსაღ სურსათზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება, ”ოქსფამის” კვლევიდან ირკვევა, რომ ძირითადი საკვები საქართველოსა და სომხეთში პური და პურ-პროდუქტებია, რისი მოხმარებაც ამ ქვეყნებში ორჯერ აღემატება ფიზიოლოგიურ ნორმას; თუმცა, შედეგებმა აჩვენა ისიც, რომ დაუბალანსებელი კვების ერთ-ერთი მიზეზი ფინანსური სირთულეების გარდა, საკითხზე ცნობადობის ნაკლებობაცაა.