ელექტრომობილების დასამუხტი აპარატები უქმად არ დგას და მათზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება – ამის შესახებ ”ფორტუნას” კომპანია E-space-ში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ელექტრომობილების რაოდენობა იზრდება, შესაბამისად, ავტომატურად იზრდება მოთხოვნა მათ დასამუხტ აპარატებზე.
”ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით გვაქვს 16 დასამუხტი აპარატი. აქედან 12 დედაქალაქშია განთავსებული, თითო-თითო კი რუსთავში, ყვარელში, ქუთაისსა და ბათუმში. აღნიშნული აპარატებით სარგებლობა სრულიად უფასოა”, – აღნიშნეს E-space-ში.
როგორც კომპანიაში განმარტეს, ქვეყნის მასშტაბით ჯამში 100-მდე მოწყობილობის დამონტაჟება იგეგმება.
შეგახსენებთ, თბილისში, ელქტრომობილების დასამუხტი პირველი მოწყობილობები 2016 წლის ნოემბერში განთავსდა. პირველ ეტაპზე ისინი ორ ადგილზე, ევროპის მოედანსა და კუს ტბის ასახვევში დამონტაჟდა.