LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. „კლუბურ ნარკოტიკს“ შესაძლოა, ისეთივე ფატალური გართულებები ახლდეს, როგორც სხვა ნარკოტიკულ საშუალებებს – მედიკოსები

114

ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევებზე რეაგირების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში უწყების ხელმძღვანელთა, სტრუქტურული ერთეულებისა და დარგის ექსპერტების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ე.წ. კლუბური ნარკოტიკების მოხმარების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრეს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, გარდაცვალების მიზეზს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ადგენს და შესაბამისად, რთულია, ანტიდოტური ეფექტის მქონე პრეპარატის განსაზღვრა.

დარგის სპეციალისტებმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, არ მოიხმარონ დაუდგენელი ნივთიერებები ნარკოტიკული თრობისთვის. ე.წ. „კლუბურ ნარკოტიკს“ შესაძლოა, ისეთივე ფატალური გართულებები ახლდეს, როგორც სხვა ნარკოტიკულ საშუალებებს.

შეხვედრაზე „ოპიატების“ ჯგუფის ნარკოტიკული ნივთიერებებით ზედოზირების შემთხვევებსა და „ნალოქსონის“, როგორც ანტიდოტის გამოყენების შესახებ ისაუბრეს. პრეპარატ „ნალოქსონის“ მიღება შეზღუდვის გარეშეა შესაძლებელი და მისი რეცეპტის გამოწერის უფლება ყველა ექიმს აქვს.

„გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ე.წ. კლუბური (რეკრეაციული) ნარკოტიკების უმრავლესობა მიეკუთვნება ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, რომელთა მიმართ „ნალოქსონი” არაეფექტურია (იგი ეფექტურია მხოლოდ „ოპიატების“ ჯგუფის ნარკოტიკული ნივთიერებებით მოწამვლისას). ამასთან, საქართველოში რეგისტრირებული „ნალოქსონის“ მწარმოებლის მიერ შემუშავებული ინსტრუქციის თანახმად, მისი გამოყენებისას დაცული უნდა იყოს რიგი უსაფრთხოების ზომები შესაძლო გვერდითი მოვლენების განვითარების რისკების თავიდან აცილების მიზნით. შესაბამისად, ნალოქსონის ორგანიზმში შეყვანა შესაძლებელია მხოლოდ სამედიცინო პერსონალის ან იმ პირების მიერ, რომელთაც გავლილი აქვთ სათანადო მომზადება.

აღსანიშნავია, რომ გლობალური ფონდისა და სამინისტროს ხელშეწყობით, „ზიანის შემცირების ქსელი“ 2009 წლიდან, უწყვეტად ამარაგებს ნარკოდამოკიდებულ პირებს „ნალოქსონით“ (წელიწადში დაახლოებით 12 000 ამპულა), რომელთაც, ასევე, უტარდებათ სათანადო მომზადება მისი გამოყენების თაობაზე. ამავდროულად, საქართველოში ხორციელდება ნარკოდამოკიდებულ პირთა ჩანაცვლებითი თერაპია „ბუპრენორფინ-ნალოქსონით,“ – აცხადებენ სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g