ე.წ. საპოლიციო გამოსახლების გაუქმების გამო, ბიზნესის ინტერესების დასაცავად შესაძლოა, ალტერნატიული მექანიზმები შეიქმნას.
ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ასლანიშვილმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე აღნიშნული საკითხი ბიზნეს ასოციაციების წევრებმა დააყენეს.
„იცით, რომ ეს კანონი, რომელიც ძალაში შევიდა, არის საკმაოდ მტკივნეული სრულიად ბიზნესისთვის, ყველა კომპანიისთვის. იცით, რომ ჩვენ და ბანკების ასოციაცია ვაპირებთ საკონსტიტუციო სასამართლოში ამ კანონის გასაჩივრებას. პრემიერის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ვერაფერი ვერ იქნებოდა, რადგან კანონი ძალაში შესულია. ერთადერთი არის ის, რომ დამატებით მოისმენს ჩვენგან გარკვეულ მოსაზრებებს. ასევე ალტერნატიული მექანიზმების შემუშავებაზეც გვექნება საუბარი, თუ როგორ შეიძლება ის მძიმე ფონი და რთული სიტუაცია, რომელიც შეიქმნა ამ კანინოს ცხოვრებაში გატარებით, აღსრულების უფრო ეფექტური მექანიზმებით შეიცვალოს,“ – განაცხადა ასლანიშვილმა.
რაც შეეხება ანტიდემპინგურ კანონმდებლობას, მისივე განცხადებით, ის ჯერ საწყის ეტაპზეა.
„ვმუშაობთ ამ საკითხზე. გარკვეულწილად ჩვენ ალბათ DCFTA-დან გამომდინარე მოგვიწევს ამ კანონმდებლობაზე ჩართულობა, თუმცა, ცხადია, რომ თავისუფალი ეკონომიკის პრინციპი ამ კანონმდებლობით არ უნდა დაირღვეს და ყველა სუბიექტი, რომელიც ამ ქვეყანაში მუშაობს, უნდა იყოს გარანტირებულად ორიენტირებული თავისუფალ სივრცეში მოღვაწეობაზე,“ – განაცხადა ასლანიშვილმა.