საქართველოს მთავრობისა და თბილისის მერიის მიერ შემუშავებულ სატრანსპორტო პოლიტიკაზე დაყრდნობით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, დედაქალაქს ეკოლოგიურად სუფთა საქალაქო ტრანსპორტი – გაზზე მომუშავე (CNG) ავტობუსები დაემატება.
აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, EBRD გამოყოფს 80 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს, საიდანაც 65 მლნ ევრო გათვალისწინებულია უშუალოდ ავტობუსების შესაძენად, ხოლო 15 მლნ ევრო დეპოს მშენებლობისთვის. დღეს, შესაბამის შეთანხმებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში კატარინა ჰანსენმა.
დღესვე, ივანე მაჭავარიანმა და კატარინა ჰანსენმა ხელი მოაწერეს „საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამას“, რომლის საფუძველზეც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს 6 დიდ ქალაქში (რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი, თელავი, გორი და ფოთი) საზოგადოებრივი ტრანსპორტის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების მიზნით, გამოყოფს 17 მლნ ევროს ოდენობის შეღავათიან ფინანსურ რესურსს, დაახლოებით, 175 ავტობუსის შესაძენად.