ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ლარით დენომინირებული ობლიგაციების მესამე ემისია განახორციელა.
პირველი საჯარო ობლიგაცია ევრობანკმა 17 ივნისს გამოუშვა და მისი მოცულობა 107 მილიონი ლარია. გამოშვება 5-წლიანია და ცვლადპროცენტიანი კუპონი გააჩნია, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის სამთვიან სადეპოზიტო სერთიფიკატის განაკვეთთან. მისი საწყისი კუპონი 6,45%-ია სადეპოზიტო სერტიფიკატის ბოლო აუქციონიდან შემდგომი 3 თვის განმავლობაში.
როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, EBRD პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც საქართველოს ბაზარზე ლარის ბონდი გამოუშვა.
”პირველი ბონდის გამოსვლას დაახლოებით ერთწლიანი ერთობლივი მუშაობა დასჭირდა და ეს ადვილი პროცესი არ იყო. თუმცა შედეგი წარმატებული აღმოჩნა, ვინაიდან, ამ პროექტმა გზა გაუხსნა სხვა ორგანიზაციებს ადგილობრივ ბაზარზე ლარში დენომინირებული ობლიგაციების გამოშვებისთვის. EBRD-თან ერთად ასეთი ობლიგაციები გამოუშვეს შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ და აზიის განვითარების ბანკმა”, – განაცხადა გვენეტაძემ.
როგორც მან აღნიშნა, ეროვნული ვალუტით სესხის ხელმისაწვდომობა ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ხოლო ლარის სესხების დაფინანსება მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებისთვის.
”ეს განსაკუთრებით საგრძნობი 2014-2015 წლებში ლარის გაუფასურების ფონზე გახდა. ზოგადად, დოლარიზაცია საფინანსო სექტორის ძირითადი გამოწვევაა და ეროვნულმა ბანკმა მისი შემცირების მიმარტულებით ღონისძიებები დაიწყო, რომელსაც მომავალშიც გავააქტიურებთ. დედოლარიზაციის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია ლარის საფინანსო ბაზრების განვითარება და ლარის გრძელვადიანი სესხების ხელმისაწვდომობა. EBRD-ს მიერ გამოშვებული ლარის ობლიგაციების სახსრების მოძიება და განვითარებაზე ორიენტირებული პროექტის ლარით დაფინანსება ამ ორივე მიზანს ემსახურება”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ და აღნიშნა, რომ ლარის ობლიგაციების ემისია ადგილობრივ ბაზარზე მაღალი ნდობის დასტურია ადგილობრივი ეკონომიკის მიმართ.
მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ ქვეყანაში მცურავი გაცვლითი კურსი არსებობს, ზრდის ნდობას ეროვნული ვალუტის მიმართ და ინვესტორების ინტერესს საქართველოს კაპიტალის ბაზრისადმი.
გვენეტაძის თქმით, ბოლო პერიოდში, საქართველოში ლარით დენომინირებული ფასიანი ქაღალდების მიმართ ინტერესი არარეზიდენტი ინვესტორების მხრიდანაც ფიქსირდება, რაც გავლენას ახდენს საპროცენტო განაკვეთებზე, მათი შემცირების კუთხით.
ევრობანკის მიერ ლარის დენომინირებული ობლიგაციების გამოშვების პროცესს სააქციო საზოგადოება GalT & Taggart-ი წარმართავს. ობლიგაციებიდან მიღებული შემოსავალი ევრობანკის ძირითადი პროექტების დასაფინანსებად მიემართება.