LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ედენა” სოციალური საწარმო რაჭაში, რომელიც ადგილობრივ ქალებს ასაქმებს / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

48
edena

ქართული სუვენირების საწარმო “ედენა“ რაჭაში, ონში 2015 წელს დაფუძნდა. აქ ქართულ სუვენირებს ქმნიან. „ედენა“ ცდილობს შეინარჩუნოს რეწვის ტრადიციები.

საწარმოში ძირითადად ადგილობრივი ქალები არიან დასაქმებული. „ედენა“ „თიბისის“ ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული გახდა,  გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ დაწესებულ სპეციალურ ნომინაციაში გენდერული საკითხების მხარდაჭერის მიმართულებით.

წარმატებები საწარმოს საერთაშორისო ასპარეზზეც აქვს. თანამშრომლობენ ამერიკაში, ნიუ იორკში ქართული სუვენირების შოურუმთან “ქართულია”, სადაც უკვე სამჯერ გაგზავნეს ნამუშევრები. თებერვალში სახელოსნო ბულგარეთში წარდგება გამოფენა-ვორკშოპით  ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის პროექტის ფარგლებში, სადაც ახალ ტურისტულ შეთავაზებას გააცნობს სტუმრებს.

თემაზე „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად „ედენას“ დამფუძნებელი,  ლილიანა მაისურაძის დამფუძნებელი საუბრობს.

– ლილიანა, პატარა რაჭაში როგორ ახერხებთ საჭირო კადრების მოძიებას? ეს ძალიან პრობლემატურია. თბილისშიც კი წუწუნებენ კვალიფიციური  კადრების სიმცირის გამო.. როგორ მოხვედით დღემდე. თქვენი საწარმოს შექმნის ისტორია გვიამბეთ.

– ჩვენი სახელოსნოს ისტორია, 2015 წლიდან იწყება და იმისთვის, რომ ჩემთვის საჭირო კადრები მომეძიებინა,  საგრანტო პროგრამაში ჩავერთე. შემდეგ ჩემი კადრები გადავამზადე. 12-მდე შეგირდი ავიყვანე, 6 მათგანი ჩემთან დავტოვე  სამუშაოდ.  სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ვცდილობ, გადავამზადო დაინტერესებული პირები და შემდეგ მსურველები ჩემთან დავტოვო სამუშაოდ. ახლა 15 ქალი წერს „ედენას“ ისტორიას.

– რა არის თქვენი ბიზნესის ძირითადი მიმართულება?

– სახელოსნოში ვაკეთებთ ტრადიციულ ქართულ სუვენირებს სხვადასხვა ტექნოლოგიით, ვცდილობთ, ნამუშევრებში ჩავდოთ რაჭული ელემენტები.

– რამდენად წარმატებით იყიდება?

– ამ ეტაპზე გაყიდვებს  შევაფასებდი დადებითად. ვცდილობთ, არ ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ ადგილზე გაყიდვებზე, გავაუმჯობესეთ ონლაინგაყიდვები და ასევე ვცდილობთ, გავამყაროთ გაყიდვები საზღვარგარეთ პატარა კულტურულ კერებთან, ვცდილობთ, ვიაქტიუროთ გამოფენებზე.

ეს გვეხმარება, რომ სეზონურ გაყიდვებზე არ ვიყოთ დამოკიდებული და წლის განმავლობაში დაბალანსებულად გვქონდეს გაყიდვები.

– რა გეგმები გაქვთ?

-„ედენა“ „თიბისის“ ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული გახდა, როგორც თქვენც აღნიშნეთ, ნიუ – იორკში ქართული სუვენირების შოურუმთან „ქართულიასთან“ ვთანამშრომლობთ, სადაც უკვე სამჯერ გავგზავნეთ ნამუშევრები.

ველოდებით უკეთეს შედეგებს. გვინდა, რომ ამერიკის მსგავსად სხვა ქვეყნებშიც შევძლოთ პატარა სტენდების განთავსება. ვფიქრობ, ამის შესაძლებლობა გვაქვს. ჩვენში არის პოტენციალი, რომ უფრო მეტად დავიტვირთოთ. ვგეგმავთ, ტურისტულ ქალაქებში სხვადასხვა დღესასწაულებზე გვქონდეს გამოფენა, ბათუმში, თელავში და იმედია რაჭაშიც მოვახერხებთ, იმედია, ყველა ჩვენს ამ ჩანაფიქრს შევასხავთ ფრთას.

– რა არის თქვენი საწარმოს სოციალური მისია?

– თავიდანვე გვინდოდა, რომ  უმუშევარი, სამუშაოს მაძიებელი ქალები გაგვეერთიანებინა.  მათ შორის არიან ქალები, რომლებიც მთლიან  განაკვეთზე ვერ ახერხებენ მუშაობას და ჩვენ ამაში ხელს ვუწყობთ, გვაქვს მორგებული გრაფიკი, ანუ ის ქალბატონები, რომლებსაც პატარა ბავშვები ჰყავთ, ან ახალი დაოჯახებულები არიან და ვერ ახერხებენ, რომ მთლიანი დღე დატვირთულები იყვნენ,  ხელს ვუწყობთ ჩვენი განრიგით. აქ არიან სამუშაოს მაძიებელი ქალები, ვინც  ქალაქიდან დაბრუნდა. მათ, რა თქმა უნდა, უჭირთ ადაპტირება უცხო გარემოში.  გაფართოებას ვგეგმავთ და ყველას თანამშრომელს ხელს შევუწყობთ.

– ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ტრენინგების მიმართულება. შეიძლება, ადამიანს არ ჰქონდეს გამოცდილება. დაახლოებით რა დრო სჭირდება სწავლებისთვის? პირადად თქვენ ასწავლით, თუ თქვენი თანამშრომლებიც იმდენად გათვითცნობიერებულები არიან, რომ ახალი კადრების მომზადება შეუძლიათ?

– ვცდილობთ, მოვიძიოთ სხვადასხვა პროგრამები, რომლითაც ჩვენს თანამშრომლებს უფინანსდებათ სწავლა ან ტრენინგები. ძირითადად ჩვენთან გადავამზადებთ ხოლმე საჭირო კადრებს. თეორიულთან ერთად პრაქტიკულ საქმიანობასაც ესწრებიან და  ვერც კი გრძნობენ, როგორ „შემოესწავლებათ“ ხოლმე ეს საქმე.

– მუდმივი პრობლემა, რაც გვესმის ეს არის  მუშახელის გადინება. მსგავსი საწარმოები ჩემი აზრით, ხელს უწყობს იმას, რომ  ადგილზე დარჩნენ ადამიანები და დასაქმდნენ.

– ძალიან გამიხარდება, რომ სხვა საწარმოებიც გაჩნდება და ამის მცდელობები უკვე არის. იმედი მაქვს, სხვებიც ჩვენს მსგავსად შეძლებენ, დაასაქმონ ქალები, რადგან მსურველი ბევრია.

მართალია ხელსაქმეში ყველას არ  აქვს გამოცდილება, მაგრამ როცა ცდიან, მერე უკვე ყველაფერი გამოსდით. თუ სურვილი არის, შეუძლებელი არაფერია.

მინდა, სხვებსაც მოვუწოდო, ვისაც მსგავსი პატარა სახელოსნოების გაკეთება შეუძლია, მით უფრო ახალგაზრდებს,  დაბრუნდნენ რაიონში და შექმნან დასაქმების მსგავსი კერები და ერთად წავწევთ წინ რაიონის საქმეს.

– წარმატებებს გისურვებთ 2023 წელს, იმედია სხვებიც მოგბაძავენ. წარმატებას აქვს გადამდები ეფექტი და ჩვენ სწორედ ამიტომ ვაშუქებთ წარმატებულ საწარმოებს, რომ ჩვენს მსმენელებს მართლაც დაუჯდეთ ჭკუაში და გააკეთონ მცირე საწარმოები.

– ჩვენგან თუ რაიმე დახმარება დასჭირდებათ, (თუნდაც ტექნიკური), რაც შეგვეძლება, ყველანაირად დავეხმარებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g