“რადიო თავისუფლებამ” ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვაჟთან ედუარდ სააკაშვილთან, რომელიც ამჟამად ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში ცხოვრობს და სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობს. როგორც ცნობილია, ის ხელოვნურ ინტელექტს იკვლევს.
“ეს გადაცემა ედუარდზეა და არა მიშაზე…” – ამბობს სიუჟეტის ავტორი გოგი გვახარია. გთავაზობთ ფრაგმენტებს ინტერვიუდან, რომლის ჩაწერისას მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ შიმშილობდა…
ედუარდ სააკაშვილი: ” აქამდე ბერლინში ვიყავი, იქ ვმუშაობდი და ბერლინი გიგანტური ქალაქია. ეს ქალაქი მყუდროა, პატარა… მშობლიური გრძნობები მაქვს ბავშვობის გამო, ენა ვიცი კარგად. მე და ნიკუშა ერთმანეთში ახლაც ჰოლანდიურად ვლაპარაკობთ. საერთოდ როდესაც ოჯახის ერთი წევრი სხვა ენის წარმომადგენელია, როგორც წესი პირველი შვილი კარგად სწავლობს ხოლმე ამ ენას და მეორე ნაკლებად. ნიკუშა რომ გაჩნდა მე 10 წლის ვიყავი და ვიცოდი უკვე ამ ფენომენის შესახებ. მე ვიცი მხოლოდ სანდრას ჰოლანდიური, ერთმანეთშიც ჰოლანდიურად ვლაპარაკობთ. მიშამ ცუდად იცის ენა. ერთხელ სუფრაზე ვიყავით და მკითხეს, ქართველი ხარ თუ ჰოლანდიელიო. ვუთხარი ქართველი – მეთქი, რაც სანდრას ძალიან გაუკვირდა…
პოლიტიკაში წასვლა იქნება ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შეიძლება დავუშვა, ამას სანდრას მაგალითზე ვხედავ: ედუარდ სააკაშვილი
"სანდრას პოლიტიკაში ჩართვის ძალიან წინააღმდეგი ვიყავი" - ამბობს მიხეილ სააკაშვილის შვილი.
იქ უფრო ჩემია, ჰოლანდიის პოლიტიკაში რა ხდება წარმოდგენა არ მაქვს… ნაკლებად შემტკივა გული.
მიშა რომ 2013-ში ამერიკაში წავიდა ვერ გაძლო, მე ძალიან გამიხარდებოდა, რომ მაგ გზით წასულიყო და იქ ყოფილიყო, მაგრამ არ არის ეს მისი სტილი”.
ედუარდი ამბობს, რომ სკოლის მეგობრებთან აგრძელებს მეგობრობას და საქართველოში ჩასვლისას, მათ ხშირად ნახულობს. ის იხსენებს რამდენიმე ისტორიასაც.
“შეიძლება არ უნდა ვთქვა, მაგრამ საბავშვო ბაღში ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, ვანო ჩხარტიშვილის შვილი. მიშას ეს არ სიამოვნებდა, სანდრას პირიქით. არ მგონია სწორი, რომ ამ დონეზე დაიყვანო პოლიტიკა. როდესაც მიშა პოლიტიკაშია, ეს არის მისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხი და რთულია მისთვის ამის გაგება…
ერთხელ მეშვიდე კლასში ვიყავი, დროშა ეკიდა ხუთჯვრიანი და ერთმა კლასელმა ჩამოხია, ეს “ნაცების” დროშააო. კამათში არ შევსულვარ, შეიძლება ვიღაცას ასე ეგონოს…
პოლიტიკაში მოსვლის სურვილი არ მქონია, ახლა ყველაზე ნაკლებად მაქვს. ბევრი უარყოფითია, თუნდაც პიროვნული ასპექტი. ამას თუ ოდესმე გავაკეთებ, ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იქნება. ეს სანდრას მაგალითიდანაც ჩანს. მე ძალიან წინააღმდეგი ვიყავი მისი პოლიტიკაში ჩართვის. ვურჩევდი, არ გადაედგა ეს ნაბიჯი”, – იხსენებს ედუარდ სააკაშვილი.