მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული დაძაბული ვითარების მიუხედავად, თბილისიდან ეგვიპტის მიმართულებით ფრენები უსაფრთხოა.
როგორც საქართველოში ავიაკომპანია “ეარ კაიროს” გენერალური სავაჭრო წარმომადგენელი ტურ ოპერატორი „ინტერკო თრეველი“ აცხადებს, საქართველოდან ეგვიპტის მიმართულებით ფრენები ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, ტურისტული ნაკადი თბილისიდან ეგვიპტურ საზღვაო კურორტებზე ისევ აქტიურია და ამ მიმართულებაზე მოთხოვნა იზრდება.
„უკვე ერთი წელია, რაც ავიაკომპანია Air Cairo თბილისიდან ეგვიპტის (ჰურგადის) მიმართულებით, რეგულარულ ფრენებს ახორციელებს. კომპანიის ბოინგები რეგულარულ შემოწმებას გადის, აკმაყოფილებს და მკაცრად იცავს საერთაშორისო რეგულაციებით დადგენილ ყველა ტიპის სტანდარტს. დღეისათვის, “ეარ კაირო” სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო მიმართულებით ყოველკვირეულად, დაახლოებით, 110 ფრენას ახორციელებს“, – აცხადებენ “ინტერკო თრეველში”.
ბრიტანეთის სახელმწიფო საერთაშორისო ოფისის (FCO) წარმომადგენლების თქმით, უსაფრთხოების ზომების დაცვისა და კონტროლის კუთხით, ეგვიპტის საზღვაო კურორტებზე ყველა მხარესთან აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს. მკაცრად კონტროლდება საზღვრები, თვითმფრინავის ტექნიკური მახასითებლები, მგზავრები გადიან დამატებით საკონტროლო პუნქტებს, როგორც აეროპორტში ასევე თვითმფრინავში ჩასხდომისას.
ეგვიპტური მხარის ცნობით, ტურისტულ ზონებში და სასტუროში დამატებითი შემოწმების და დაცვის პუნქტებია შექმნილი. მიღებული ზომები შეესაბამება საერთაშორისო საავიაციო და უსაფრთხოების ექსპერტების რეკომენდაციებსა და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია ICAO-ს სტანდარტებს (International Civil Aviation Organization).
როგორც ”ინტერკო თრეველში” განმარტავენ, ავიაკომპანიებს, ფრენების შეზღუდვასთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების და სადაზღვევო კომპანიების მხრიდან, არანაირი მითითება და რეგულირების ახალი ნორმა არ მიუღიათ.
”ეს ფაქტი იმ მოსაზრებას აძლიერებს, რომ ეგვიპტის მიმართულებით ფრენები და ტურისტების გადაადგილება უსაფრთხოდ და სტაბილურ რეჟიმში მიმდინარეობს“, – აცხადებენ „ინტერკო თრეველში“.