დაველოდები ჩემი კოლეგების გადაწყვეტილებებს, ამის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს იმისთვის, რომ შევქმნათ ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა, – ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ეკა ბესელია ამბობს, რომ “ქართული ოცნება“ 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის იდეალებს აცდა. მისივე თქმით, თავის დროზე, როცა პოლიტიკაში წავიდა, ამის მთავარი მიზეზი სასამართლო სისტემის გამოსწორება იყო. ბესელია მიიჩნევს, რომ ეს ბრძოლა არ დასრულებულა და დღესაც გრძელდება.
“ჩვენი ყველა მცდელობა ბოლო ორი წლის განმავლობაში, რაც კი მქონდა შიგნით, შეცვლილიყო ეს ვითარება, გავთავისუფლებულიყავით „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენებისგან, რომელმაც შემოაღწია შიგნით, თან საკმაოდ დიდი დოზით, ვერ გამოიღო შედეგი,” – აღნიშნავს ეკა ბესელია.
მისი თქმით, ის ბრძოლას განაგრძობს იმ ადამიანებთან ერთად “ვინც არასდროს დაღლილა ამ ბრძოლაში”. როგორც ბესელიამ აღნიშნა, ის და მისი თანამოაზრეები გამოიყენებენ ყველა სამართლებრივ ბერკეტს მიზნის მისაღწევად.
„ამ გადაწყვეტილების შემდეგ მე ვრჩები პარლამენტში, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, დაველოდები როგორი იქნება შემდეგი გადაწყვეტილება ჩემი კოლეგების, რომელთაც აქვთ პროტესტი იმ ყველაფრის მიმართ, რაც ახლა ხდება საკანონმდებლო ორგანოში და მმართველი პარტიის შიგნით. დაველოდები მათ გადაწყვეტილებებს, რომელთაც ისინი მიიღებენ უახლოეს დღეებში. ამის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს იმისთვის, რომ შევქმნათ ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა იმ ბრძოლისთვის და იმ იდეალებისთვის, რისთვისაც ვიბრძვით და ეს იქნება ალბათ, უახლოეს მომავალში.
ამის შემდეგ ჩვენ გავალთ ხალხთან და დავიწყებთ ახალ პროცესს. ამაზე უფრო დეტალურად დღეს არ ვისაუბრებ. გავაკეთებთ ყველაფერს და გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რაც საჭირო იქნება ამ მიზნის მისაღწევად. არ გამოვრიცხავ არც ერთ პოლიტიკურ ინსტრუმენტს, რაც სამართლებრივად გამართულია, რათა ამ ბრძოლას ჰქონდეს ორგანიზებული, ერთიანი, ერთობის მატარებელი ფორმები,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.