ქართული ოცნების დეპუტატების ნაწილი პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავენ, რომელიც პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განმწესების პროცესის შეჩერებას გულისხმობს. ინიციატივა პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. ეკა ბესელიამ და მისმა თანამოაზრეემა ჟურნალისტებთან განმარტეს, რომ კანონპროექტი კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში გაწერილ მუხლს ეფუძნება, რომლის მიხედვით, შესაძლებელია 2024 წლის 31 დეკემბრამდე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესი არ გამოიყენოს და გამოსაცდელი ვადის გამოყენება მოხდეს.
“საჭიროა ჩატარდეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა და რეფორმის შედეგად სასამართლო სისტემაში ახალი მოსამართლეები შევიდნენ. აღნიშნულ ინიციატივას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმისთვის, რომ მართლმსაჯულების სისტემა არ ჩაიკეტოს და მოსამართლეთა უვადოდ განმწესება სრულად არ მოხდეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
კანონპროექტს ხელს აწერენ: – გედევან ფოფხაძე, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე. ოთარ ჩრდილელი, ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი.