ეკა ბესელიამ ახალი პოლიტიკური პარტია – „სამართლიანობისთვის” შექმნა. ინფორმაცია პოლიტიკოსმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააჟღერა, რომელიც პარლამენტში ზვიად კვაჭანტირაძესთან და გედევან ფოფხაძესთან ერთად გამართა.
“სამართლიანობა იყო 2012 წელს მთავარი გამაერთიანებელი იდეა, რომელიც დღესაც ბოლომდეა მისაყვანი,” – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ პარტია ევროპული კონსერვატიზმისკენ იქნება მიმართული.
პარტიის ყრილობა ივნისში იგეგმება.
სწორედ ეკა ბესელიას და კიდევ რამდენიმე „ქართული ოცნების“ დეპუტატის შემდეგ დაიწყო მმართველ გუნდში დაპირისპირება. მიზეზი კი, რომელიც მედიისთვის გასაჯაროვდა უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეების სია იყო.
ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, სადაც ის გედევან ფოფხაძემ შეცვალა. თუმცა, “ქართულმა ოცნებამ” გედევან ფოფხაძე თანამდებობიდან გაიწვია და მიზეზად მისი რეგლამენტის დარღვევით დანიშვნა დაასახელა.
ამის შემდეგ ეკა ბესელიამ რამდენიმე დეპუტატთან ერთად მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ გამწესება 2025 წლამდე უნდა გადადებულიყო. პარლამენტმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. 45 იყო მომხრე, 17 წინააღმდეგი. ამის გამო, ეკა ბესელიამ ქართული ოცნება და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.
“ქართული ოცნება” დატოვეს ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და ზვიად კვაჭანტირაძემ. ასევე, ბექა ნაცვლიშვილმა, თუმცა, მან არა ბესელიას კანონპროექტის, არამედ თავისი საკანონმდებლო ინიციატივის გამო დაგროვებითი პენსიის კანონში ცვლილებების შესახებ, რომელიც პარლამენტმა ასევე ჩააგდო.
ამ მოვლენების შემდეგ, ბესელიამ ახალი პარტიის შექმნა დააანონსა, რომელმაც მისი თქმით ხელისუფლება უნდა შეცვალოს.