LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ჩავლეიშვილი კირა ნაითლისთან და ალისია ვიკანდერთან ერთად ახალ ფილმში ითამაშებს

1448
ბაია დავითაია თემურ უგულავა (1)

სამხრეთ საფრანგეთში, პროვანსში, საიმონ ვუდსის ახალი ფილმის The Worst გადაღებები მიმდინარეობს, რომელშიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ქართველი მსახიობი ეკა ჩავლეიშვილი ასრულებს.

ფილმში მთავარ როლებს ალისია ვიკანდერი, კირა ნაითლი და ერინ კელიმანი თამაშობენ, ხოლო მსახიობთა გუნდში ასევე არიან ტომ ჰოლანდერი, სემ კლაფლინი, შიან კლიფორდი და ანა მაქსველ-მარტინი.

ეკა ჩავლეიშვილის თქმით, პროექტში მოხვედრის ისტორია მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო, როდესაც მას ნატალია ჯუღელი დაუკავშირდა და აცნობა, რომ ფილმის ქასთინგის რეჟისორი დიქსი ჩესი მისით იყო დაინტერესებული.

„ვიდეოს გაგზავნიდან რამდენიმე კვირაში როლზე დამამტკიცეს. 27 მაისიდან პროვანსში ვართ. ყოველდღე ვჩქმეტ საკუთარ თავს, რომ დავრწმუნდე – არ მესიზმრება, ეს ყველაფერი მართლა ხდება“, – ამბობს მსახიობი.

მისი თქმით, ფილმის გადასაღებ მოედანზე უმაღლესი დონის პროფესიონალები მუშაობენ და 12-კაციანი მსახიობთა გუნდის თითოეული წევრი გამორჩეული პროფესიონალიზმითა და კეთილგანწყობით გამოირჩევა.

პროექტში მონაწილეობას განსაკუთრებულ წარმატებად აფასებს ნატალია ჯუღელიც, რომლის თქმით, დიქსი ჩესის ინტერესი ქართველი მსახიობების მიმართ ჯერ კიდევ 2024 წელს, კინოდაჯილდოება „ელისოს“ ჟიურიში მუშაობისას გამოიკვეთა.

„გვინდოდა აღმოეჩინა ქართველი მსახიობები და ასეც მოხდა. ვიცი, რომ დიქსი ჩესი ხშირად მოიაზრებს ქართველ მსახიობებს სხვადასხვა როლებზე და მიხარია, რომ ეკა ამ არაჩვეულებრივი პროექტის ნაწილია. როდესაც სცენარი წავიკითხე, მივხვდი, რომ ეს როლი ეკასთვის იყო დაწერილი. ვულოცავ ამ წარმატებას და კიდევ ბევრ თავგადასავალს ვუსურვებ“, – აცხადებს ნატალია ჯუღელი.

შეგახსენებთ, რომ ეკა ჩავლეიშვილმა საერთაშორისო აღიარება ფილმ შაშვი შაშვი მაყვალში შესრულებული ეთეროს როლით მოიპოვა, რომლისთვისაც არაერთი პრესტიჟული ჯილდო მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g