„ბიძინა ივანიშვილი, ფაქტობრივად, ერთადერთი ადამიანია, ვინც ეს პარლამენტი აირჩია – ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, დღეს პარლამენტს შეკრების უფლება არ აქვს:
„საინტერესოა, ბიძინა ივანიშვილი მოვა თუ არა, გაბედავს თუ არა აქ მოსვლას, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, როგორ მოდის. ის ვერ მოდის პოლიციელების კორდონის გარეშე. მას არ შეუძლია, რომ ქუჩაში ჩვეულებრივად გაიაროს და ესაუბროს ადამიანებს. იმიტომ, რომ ზუსტად იცის, რა ჩაიდინა.
მან ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული. ის ფაქტობრივად ერთადერთი ადამიანია, ვინც ეს პარლამენტი აირჩია, რომელიც არის არალეგიტიმური. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, მათ დღეს არ აქვთ უფლება შეკრიბონ პარლამენტი.
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო
სასესიოს დარბაზში მხოლოდ პარტია „ქართული ოცნების“ სიით არჩეული წევრები იმყოფებიან, მათ შორის სხდომას ესწრება პარტიის დამფუძნებელი, საპატიო თავმჯდომარე და სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი.
ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური იმიტომაც, რომ გაყალბებული არჩევნების შედეგად აირჩნენ ეს ადამიანები და იმიტომაც, რომ პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელია შეტანილი.
მათ არ ჰქონდათ უფლება ამ პარლამენტის შეკრების. დღეს ეს პარლამენტი რას იზამს, ვის აირჩევს და მინისტრს დაარქმევს თუ რამე სხვას ამ ადამიანებს, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა იმიტომ, რომ ეს არის არალეგიტიმური“. – განაცხადა ეკა გიგაურმა.
გამოყენებულია „ინტერპრესნიუსის“ ფოტო