ეკა მამალაძესა და ნატალია ქუთათელაძეს შინ ვესტუმრეთ. სახლი მათი გემოვნებითაა მოწყობილი, ყველას თავისი კუთხე აქვს, რომლის მოწყობაზეც პასუხისმგებლობას იღებს. წელს ეკა მამალაძემ გადაწყვიტა, ბუნებრივი ნაძვის ხე შეეძინა და სხვადასხვა დროს დედის, ნანი ბრეგვაძის, თავისი და შვილის მიერ შეძენილი ლამაზი სათამაშოებით გაეფორმებინა.
დედა-შვილს არა მხოლოდ ახალ წელზე ვესაუბრეთ…
თქვენი ნაძვის ხე ყოველთვის ძალიან ლამაზია…
ნატალია:
წელს ახალი ნაძვის ხე გვაქვს, შესაბამისად, განსხვავებულად მოითხოვა მორთვა. ჩვენ ბოლო 8-9 წელია, ხელოვნური ნაძვის ხე გვაქვს, რომელიც ნანიმ მოსკოვში შეიძინა. ის ძალიან ჰგავს ნამდვილ ნაძვის ხეს, თავისი სპეციფიკური სურნელი აქვს, სცვივა წიწვები, ღერო, რომელზეც ტოტები აქვს დამაგრებული, ნამდვილია… წელს ეკამ გადაწყვიტა, მოეტანა ახალი და ბუნებრივი ნაძვის ხე. მას ბევრი თავისუფალი ადგილი აქვს და ჩვენი სათამაშოებიც ძალიან დიდია, ამიტომაც ლამაზად მოირთო. ჩვენი სათამაშოები უფრო ჩანს ამ ნაძვის ხეზე.
ბოლო წლებია, ვაგროვებთ სათამაშოებს, მეც, ნანიც და ეკაც. სულ ვმატებდით ახალ-ახალ სათამაშოებს. თითოეული სათამაშო, არა იმიტომ, რომ ძვირფასია, უბრალოდ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. როცა ტრადიციებზე ვსაუბრობთ, ნაძვის ხის მორთვაა ერთ-ერთი მთავარი. ამით იწყება საახალწლო განწყობა.
გარდა ამისა, ჩვენს სახლში საახალწლო ინტერიერსაც ვანიჭებთ მნიშვნელობას. ეკას აქვს თავისი ექსკლუზიური კუთხე, თეთრი და თავად მატებს ხოლმე სათამაშოებსა და აქსესუარებს.
ეკა, რა გახსოვს ბავშვობის დროინდელი საახალწლო ტრადიციებიდან?
მეც ნაძვის ხის მორთვა მახსოვს. ჩვენთან რატომღაც უფრო გვიან ირთვებოდა ნაძვის ხე. მახსოვს, მეუბნებოდნენ, დაიძინე და დილას დაგხვდებაო. დილას მართლაც მხვდებოდა ეს ჯადოსნური ხე. ახლაც მიხარია ნაძვის ხის მორთვა და ბავშვობაში, მით უმეტეს. მაშინ 31 დეკემბერს იდგმებოდა ნაძვის ხე.
31-ში დილას იწყებდა მზადებას ბებია და საღამომდე ისეთი დატანჯული იყო… ზოგჯერ ცუდადაც ხდებოდა, ისე იღლებოდა. ახლა ხალხი უფრო ადრე იწყებს მზადებას და ეს სწორია.
მოგვიანებით, შემოვიდა ახალი წლის გარეთ აღნიშვნის ტრადიცია, კონცერტებზე. წელს არ ვართ გალაკონცერტზე დაკავებულები, მაგრამ მრავალი წელი, ასე იყო, ამიტომაც გვიწევდა გარეთ გავარდნა და სირბილი. მახსოვს, მე, ნანი და ნატალია ერთად შევხვდით ახალ წელს კონცერტზე. ნატალია 12 წლის იყო… ესეც ტრადიციად დამკვიდრდა.
ნატალია:
გარდა იმისა, რომ ყოველ წელს მიხარია და არასდროს მიფიქრია ახალი წლის სხვაგან შეხვედრა, წელს არც მე და არც ჩემს მეგობრებს არ მოუნდათ არსად წასვლა. ადრე არც ერთ ღონისძიებას არ ვტოვებდით… მგონი, ასაკის ბრალია, რომ ყველას სახლში გვინდა დარჩენა.
საჩუქრების ამბავი როგორაა?
საჩუქრების ამბავი? ჩვენთან – ნაკლებად, მამიდაჩემთან უფრო კარგად, რადგან ნაძვის ხის ქვეშ ყოველთვის დევს საჩუქრები. არ გეგონოთ, რომ ერთმანეთს საჩუქრებს არ ვჩუქნით, უბრალოდ, ყუთებში არ ვდებთ (იცინის).
ეკა, ნატალია, ალბათ, ძალიან გენატრებათ…
კი არის შორს, საზღვარგარეთ სწავლობს, მაგრამ ზაფხულში და ახალ წელს მაინც სულ ჩემთანაა (იღიმის).
ნატალია:
დედაჩემისგან ვიცი, როგორც ახალ წელს შეხვდები, ისე ჩაივლის მთელი წელი და სულ ვცდილობ, მხიარულად შევხვდე. ეკა არის პროფესიონალი და ჯადოქარი იმისა, თუ როგორ უნდა აირიდო პრობლემები – ყველაფერს მარტივად უყურებს. იმიტომ კი არა, რომ პასუხისმგებლობა აქვს ნაკლები, უბრალოდ, ასეთი ხასიათი აქვს. ვისურვებდი, ეს თვისება მეც მქონდეს…
მგონი, ხასიათით ერთმანეთს არ ჰგავხართ…
რაღაცებში ვგავარ ეკას, მაგრამ ნამდვილად ასეა, ძირითადად, განვსხვავდებით…
ეკა:
ნატალიას განსხვავებული ხასიათი აქვს, უფრო ძლიერია, მისი დამოკიდებულება საქმესთან სხვანაირია.
ნატალია:
ეკა არის ნაკლებად ემოციური, მე უფრო მეტად გამოვხატავ, ვერაფერს, ცუდსა თუ კარგს, ვერ ვინახავ საკუთარ თავში. ეკა არაფერს ამბობს, არც განახებს და ვერც მიხვდები, რომ რამე შეიძლება აწუხებდეს. ძალიან ემოციური არ არის, მე საშინელ ხასიათზე რომ ვარ, მიხვდებით და შემატყობთ, ეკას – როგორც აღვნიშნე, ვერა. პრობლემებს არ უღრმავდება.
მგონი, ნანიც ძალიან განსხვავებულია ჩვენგან. არც ერთი არ ვგავართ ერთმანეთს.
ეკა:
ნანის ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს, ადამიანურ ურთიერთობებსაც სხვანაირად უყურებს. ნანი სხვების მიმართ ძალიან კეთილგანწყობილია, კრიტიკას არ გამოხატავს, ეკრანიდან არასდროს არავის ჭკუას არ ასწავლის, შინ კი ეს გაათმაგებულია, რაღაც დროს ნერვები მეშლება, მწყინს, მაგრამ ბოლოს მაინც ვიღებ მის შენიშვნებს.
ნატალია:
ნანი არის პერფექციონისტი, საკუთარ თავსაც და ოჯახის წევრებსაც ასე უყურებს, ძალიან თვითკრიტიკულია. რადგან საკუთარი თავისგან ითხოვს, ჩვენგან რამდენს მოითხოვს, ხომ გასაგებია… შესაძლოა, არ გაგიჟდე, ვთქვათ, დღეს როგორ გამოიყურები, მაგრამ არ მიაქციო ყურადღება, ნანი კი ამას აუცილებლად გეტყვის (იღიმის).
სურვილი თუ ჩაგითქვამთ 31 დეკემბრის ღამეს?
უფრო მეტად ეკლესიაში ყოფნისას, ვიდრე 31 დეკემბერს. სურვილის ჩათქმა უფრო მეტად ლოცვის დროს მჩვევია…
ეკა, ნატალიასთვის რა გინდათ ახალ 2017 წელს, კარიერაშიც და პირადშიც…
(იღიმის) სურვილები მაქვს, ოღონდ ჩემთვის ჩუმად ვნატრობ. პირად ცხოვრებაზე, ჯერ მართალი გითხრათ, არ ვფიქრობ. როგორც ყველა ნორმალურ დედას, მინდა, რომ კარგად გათხოვდეს, მაინტერესებს, როგორი მეუღლე შეხვდება, ეს ბანალური სურვილებია… მომწონს, როცა დედა-შვილის ურთიერთობაში არ არის შიში და ბარიერი, მაგრამ უნდა იყოს გარკვეული დისტანცია. შეიძლება, ნატალიამ რაღაც მომიყვეს და ვიფიქრო, ეს ჩემი შვილია? ზოგადად, ნატალიას შესახებ ყველაფერი ვიცი. შეიძლება, თვითონ არ იცოდეს, რომ ასეა (იღიმის). ხედავთ, ინტერვიუებში ზოგჯერ რაღაცები მჟღავნდება (იცინიან)?
კარიერასთან დაკავშირებით მაქვს სურვილები – მინდა, ნატალიამ თავისი ადგილი იპოვოს და დამკვიდრდეს, საოპერო კარიერას ვგულისხმობ. ველოდები და მაქვს იმედი, რომ ნატალიას წინსვლა ექნება, პირველ რიგში, თავისი შრომისმოყვარეობითა და პროფესიონალიზმით, ჯერჯერობით რაც აქვს… მინდა, ნანიმ ნახოს ეს ყველაფერი…
ნატალია:
ნანი ხუმრობს ხოლმე, შენ რომ სცენაზე გამოხვალ, მე ალბათ, შემომიყვანენ, ჩემი ფეხით ვეღარ შემოვალო (იღიმის).
ეკა მამალაძე:
იმედი მაქვს, უფრო ადრე მოხდება. თუ მექნება საშუალება, რომ რომელიმე ცნობილ თეატრში, სავარძელში ვიჯდე და ნატალიას წარმატების თანაზიარი გავხდე, ამით ჩემს ყველაზე დიდ სურვილს ავიხდენ.
ნატალია:
რაც უცხოეთში ვსწავლობ, ამერიკაში ვცხოვრობ, სადაც აბსოლუტურად სხვა პლანეტასა და განზომილებაში ვარ, უფრო გამძაფრებული მაქვს მონატრების გრძნობა, ვნერვიულობ. მარტო ამის ბრალიც არ არის, რაც უფრო იზრდები, პასუხისმგებლობა გემატება, გრძნობ, რომ შეგიძლია, სამსახური გაუწიო მშობელს. მინდა, ჩემი ოჯახის წევრები კარგად იყვნენ და ეს არის ჩემი მთავარი სურვილი საახალწლოდ!..
ფოტო: დათუნა აგასი
ნინო მურღულია