LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკატერინე აბესაძე – ხელოვანი, რომელმაც ტრადიციული ტექნიკა ინდივიდუალურ ხელწერად აქცია

786
ეკატერინე აბესაძე

ქართული მინანქარი საუკუნეების განმავლობაში ატარებდა კულტურულ მეხსიერებას, თუმცა თანამედროვე ნაკეთობებში ის ახალი ხმით საუბრობს. ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი გამორჩეული ხელოვანია ეკატერინე აბესაძე, რომელმაც ტრადიციული ტექნიკა ინდივიდუალურ ხელწერად აქცია. მისი ნამუშევრები არაერთ საერთაშორისო გამოფენაზე ყოფილა წარმოდგენილი და სადაც უნდა წავიდეს, ყველგან მხოლოდ ერთს ამტკიცებს – საქართველოში მინანქარზე მუშაობა არა მხოლოდ ხელობის ფლობა, არამედ იდენტობის გამოხატვაცაა:

– უკვე 30 წელია, რაც ამ სფეროში ვარ. შეიძლება ითქვას, ყველასა და ყველაფერში სილამაზის დანახვის ნიჭით დავიბადე, თუმცა ამ ნიჭის ადრეულ ასაკში გამოვლენაზე გავლენა იქონია ბებიამ, რომელიც ძალიან ლამაზი ქალი იყო, ყოველთვის მოწესრიგებული და სამკაულის დიდი მოყვარული. სწორედ მის შემხედვარეს მომინდა ხან სამკაულის მავთულებით კეთება, გასაფორმებლად რკოებისა და ფოთლების გამოყენება, ხან ხატვა, ხან ქსოვა (მესამე კლასში ვიყავი, როცა საქართველოში წარმოებული ძაფებით ჯემპრი მოვიქსოვე, რომელსაც სიამოვნებით ვიცვამდი). შემდეგ უკვე, როდესაც ქართული მინანქარი აღორძინდა, მისით დავინტერესდი, შევისწავლე ხელობა და მივხვდი, რომ ეს იყო ის საქმე, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა მეკეთებინა.

მინანქარზე მუშაობა იოლი არ არის (თან თუ ამ საქმეს ჰობის დონეზე აკეთებ, ბევრ წარმატებას ვერ მიაღწევ). თქვენ მხოლოდ საბოლოო შედეგს ხედავთ – ლამაზ, ბრჭყვიალა ნამუშევრებს, რომლებიც ახარებს თვალს და გულს, სინამდვილეში კი მათი შექმნა რთული და შრომატევადი პროცესია. წარმოიდგინეთ, ნემსის წვერით ამუშავებ ფერებს, არ უნდა შეერიოს ისინი ერთმანეთს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფერები აიჭრება და ვერ მიიღებ იმ შედეგს, რაც ჩაფიქრებული გაქვს. ყველა ნამუშევარი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩემთვის, მათ შორის სხვაობა მხოლოდ გამოყენებული მასალის რაოდენობა და ზომაა. თითოეულში დიდ სიყვარულს ვაქსოვ და ალბათ, ყველას, ვისაც ჩემი ნაკეთობა შეუძენია, გრძნობს ამას და მათ სიამოვნებით ატარებს.

ჩემი ნამუშევრები არის პრემიუმ კლასის და ყველა ექსკლუზიურია, არცერთი არ მეორდება. მინანქარზე მუშაობის დაწყების პირველივე დღიდან გადავწყვიტე, რომ საკუთარი ხელწერა მქონოდა, ამიტომაც ყველა ნამუშევარი შესრულებულია ჩაკეჭნის წესით – ეს არის ჩასმის სტილი, რომელიც მე-4 საუკუნიდან მოდის, ჩვენი წინაპრები სწორედ მას იყენებდნენ. გარდა ამისა, ყველა ნამუშევარს ფერთა პალიტრით, კომპოზიციით, დიზაინით ემჩნევა, რომ ეკატერინე აბესაძის ნახელავია.

ნამუშევრების ფასს განაპირობებს არა მხოლოდ მათზე გაწეული შრომა, არამედ მასალის ღირებულებაც, რომელიც ბოლო დროს ბაზარზე მხოლოდ მაღლა იწევს. ფასის განსაზღვრისას ითვლება, რა რაოდენობის მასალაა გამოყენებული, რა ტიპის ქვები და ა.შ. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემს ნამუშევრებში ვიყენებ მხოლოდ ნატურალურ ქვებს, რადგან მათი ენერგეტიკა ჩემთვის მნიშვნელოვანია. ამ ქვებს საზღვარგარეთ ვყიდულობ, დავფრინავ სპეციალურ გამოფენებზე, ჩამომაქვს და ვინახავ ჩემს დიდ სკივრში, საიდანაც შემდეგ თითო-თითოს ვიღებ და ვამშვენებ ნაკეთობებს.

ჩემი ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ჩემს ინსტაგრამ გვერდზე.

საზღვარგარეთ არაერთ გამოფენაში მიმიღია მონაწილეობა, 2026 წელსაც მაქვს რამდენიმე დაგეგმილი, თუმცა არასტაბილური ვითარებიდან გამომდინარე, ჯერ ვერ ვასახელებ კონკრეტულ დეტალებს. გამოფენებისთვის ყოველთვის მაქვს მზად სხვადასხვა მასალისგან დამზადებული ნამუშევრები (ოქროს, ვერცხლის, ხის და ა.შ.), ძალიან მომწონს რამდენიმე ტექნიკის შერწყმაც, მაგრამ ყველაზე უფრო მეტად მომწონს ის, რომ ჩემს ნამუშევრებს ახლავს ეტიკეტი „დამზადებულია საქართველოში“. ყველა გამოფენაზე მივფრინავ საქართველოს დროშით, ჩემს სტენდზე პირველად სწორედ ის იდგმება. მეამაყება, რომ ქართველი ვარ და მინანქრის ასეთი დიდი ტრადიცია აქვს ჩემს ქვეყანას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g