LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკატერინე მახარობლიშვილი: „ჩემს ჯგუფელებს ისიც კი უთქვამთ, შენ მამაშენის ხათრით მიგიღეს თეატრალურშიო. ეს ძალიან მტკენდა გულს და ვტიროდი ხოლმე…“

724
ეკატერინე მახარობლიშვილი

მსახიობი ეკატერინე (კაწიუშა) მახარობლიშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ბევრი წლის წინ მოექცა. ის ცნობილი მსახიობის ალეკო მახარობლიშვილის შვილი გახლავთ. დედაც მსახიობი ჰყავს და ბუნებრივია, რომ თავადაც ეს პროფესია აირჩია.

ის ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება.

ბატონი ალეკო როგორია მამის ამპლუაში?

ეკატერინე მახარობლიშვილი:

ძალიან თბილი, მოსიყვარულე, მზრუნველი. ყველაფერი ძალიან ახლოს მიაქვს გულთან და მერე ნერვები ეშლება (იცინის). ხანდახან ვერ თოკავს ემოციებს და ვჩხუბობთ კიდეც (იცინის). ყველა საკითხზე შეგვიძლია, ვიკამათოთ და ძალიან ბევრს ვჩხუბობთ. ორივეს ფეთქებადი და ხისტი ხასიათი გვაქვს, „ვერძები“ ვართ და ამას ვაბრალებთ, მაგრამ იმავდროულად, ძალიან მზრუნველია. როცა არ უნდა დავურეკო, მაშინვე ჩემთან გაჩნდება და ყველანაირად დამეხმარება. მასზე ცუდი მართლა არავისგან გამიგია. მგონი, ცხოვრებაში არავისთვის უწყენინებია და ძალიან მიხარია, რომ ასეთი მამა მყავს. ძალიან ბევრი სტუდენტი ჰყავს, რომლებიც გიჟდებიან მასზე. ძალიან მეამაყება, რომ ასეთი წესიერი, პატიოსანი და ნიჭიერი მამა მყავს.

მამის ფაქტორიდან გამომდინარე თუ გაფასებენ, გადარებენ მას?

კი, მამაჩემისთვის ხშირად უთქვამთ, შენი შვილი გჯობსო (იცინის). ჩემს ჯგუფელებს ისიც კი უთქვამთ, შენ მამაშენის ხათრით მიგიღეს თეატრალურშიო. ეს ძალიან მტკენდა გულს და ვტიროდი ხოლმე. დროთა განმავლობაში ეჩვევი და ეგუები მსგავს მომენტებს. მე ყოველთვის ჩემს გზაზე მივდიოდი, რომელსაც თვითონ ვიკვლევდი. ხანდახან პირიქითაც მომხდარა, მე ვყოფილვარ რომელიმე სერიალში და მერე ჩემი ხათრით მოუყვანიათ მამა (იცინის). შეიძლება, არის რაღაცები, რის გამოც მე შეღავათები მაქვს ზუსტად ჩემი მშობლების გამო, მაგრამ რადგან ეს მთელი ცხოვრებაა ასე, ბუნებრივი მგონია. რაღაც მომენტებში დამიფიქსირებია კიდეც, რომ მამაჩემის მსახიობობასა და პოპულარობას დიდი როლი მიუძღოდა და ეს, ალბათ, დამხმარებია. თუმცა, მე ყოველთვის ვცდილობ, ყველაფერი დამოუკიდებლად გავაკეთო. ჩემმა მშობლებმაც ამ აზრით აღმზარდეს. ყოველთვის მაჩვევდნენ, რომ ყველაფრისთვის ჩემით უნდა მიმეღწია და სულ იმას მეუბნებოდნენ, რასაც არ უნდა მიაღწიო, არ უნდა დაიჯერო, რომ მაგარი ხარ და გზა წინ უნდა გააგრძელოო.