LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკატერინე ტიკარაძემ და ისრაელის სამედიცინო ცენტრის მკვლევრებმა კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატზე ისაუბრეს

100
Untitled design (1)

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, თელ-ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელსა და კოვიდ-19-ის კვლევის მიმართულების ხელმძღვანელს ნადირ არბერს შეხვდნენ.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში 2021 წლის თანამშრომლობის საკითხებზე, სამომავლო გეგმებსა და კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატთან დაკავშირებით ისაუბრეს.

როგორც ისრაელიდან ჩამოსულმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი ზომიერიდან კრიტიკულ მდგომარეობამდე მყოფი პაციენტებისთვისაა განკუთვნილი. სამედიცინო მკვლევრების განცხადებით მედიკამენტი, ნოვატორულ ნაერთს წარმოადგენს და ის გამდიდრებულ CD24-ეზოსომებს ეფუძნება.

თელ-ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის დამფუძნებლის ნადირ არბერის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატთან დაკავშირებით მათი სურვილია, რომ საქართველო, როგორც მეგობარი ქვეყანა, ისრაელის პარტნიორი იყოს.

“თქვენ ძალიან კარგი სამედიცინო პერსონალი გყავთ და გვჯერა , რომ ეს თანამშრომლობა ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი იქნება. კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო მედიკამენტი ბევრ ადამიანს დაეხმარება” – თქვა ნადირ არბერმა.

სამინისტროს ცნობით, ისრაელიდან ჩამოსულმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრიც დაათვალიერეს. მათ ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატეს.