LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკო ფანგანი: „თანამედროვე ცხოვრებამ, სოციალურმა ქსელებმა, ბლოგებმა, მოიტანა ის, რომ ხელ-პირს როდის ვიბანთ და შხაპს როდის ვიღებთ, ხალხმა ისიც კი იცის. მე ეს არ მომწონს. თუ ჩემზე რაღაც გახმაურებულა, ეს ჩემი მიზეზით არ ყოფილა…“

501
ეკო ფანგანი

ეკო ფანგანი კარიერასა და პირად ცხოვრებაზე ჟურნალ „გზის“ შეკითხვებს პასუხობს.

– როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა ტელეწამყვანის კარიერაში წამყვანი როლი გარეგნობას?

– სულაც არ ვფიქრობ, რომ ტელეწამყვანი აუცილებლად ლამაზი უნდა იყოს. ისედაც, არ მიყვარს გარეგნობაზე აპელირება და არ ვფიქრობ, რომ სილამაზეს ადამიანის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს. მართალია, ზოგიერთ პროფესიას ეს უფრო მეტად სჭირდება, ზოგს – ნაკლებად, მაგრამ მთავარი მაინც ადამიანის მონდომება და შრომისმოყვარეობაა. სილამაზის კონკურსშიც კი, სადაც ვიზუალს დიდი მნიშვნელობა აქვს, ვერაფერს მიაღწევ, თუ მაქსიმალურად არ დაიხარჯები. ეს კარგად გავაცნობიერე, როდესაც მოდელობა დავიწყე. მართალია, ეს არც ჩემი პროფესია იყო, არც შემოსავლის წყარო, უბრალო გატაცება გახლდათ, მაგრამ დავრწმუნდი, რა დიდი შრომაა საჭირო, რომ სამოდელო ბიზნესში სახელი მოიხვეჭო და წარმატებას მიაღწიო. მარტო გარეგნობით ამ სფეროში ვერაფერს გახდები, თუ წელში გაწყვეტამდე არ იშრომე – ეს მაშინ, როცა ნულიდან იწყებ, თორემ სინდი კროუფორდის შვილი პოდიუმზე უპრობლემოდ მოხვდა, რადგან ის სინდი კროუფორდის შვილი იყო. როცა ადამიანი ყველაფერს ნულიდან იწყებს, მიზნის მისაღწევად, გაცილებით მეტი შრომა და ძალისხმევა სჭირდება, მით უმეტეს, ტელევიზიაში.

– რა თვისებები უნდა ჰქონდეს ქალს, რომ პირად ურთიერთობებში გაუმართლოს და სიყვარული შეინარჩუნოს?

– თქვენ ახსენეთ სიტყვა „გამართლება” – მართლაც, პირად ურთიერთობებში რომ გაგიმართლოს, იღბლიანი უნდა იყო: იღბლიანი ადამიანი სიყვარულს უფრო ადვილად იპოვის, მაგრამ როცა იპოვის, მის შესანარჩუნებლად, მთავარი ურთიერთგაგებაა. სიყვარული, მოწონება, ვნება, ინტერესი – ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში სხვა გრძნობებით და ემოციებით იცვლება. თუ წყვილს შორის სიყვარული და ურთიერთგაგებაა, იმ თვისებების დათმენას და მიღებასაც შეძლებენ, რომელიც ერთ დროს არ მოსწონდათ. ვგულისხმობ ნორმალურ, ჯანსაღ ურთიერთობას, რომელშიც სიცრუე, ორპირობა და ღალატი არ არის.

– თქვენ თუ გაქვთ ან გქონიათ ასეთი ურთიერთობა?

– გგონიათ, რომ ამ შეკითხვას ვუპასუხებ? მსგავს შეკითხვებს პასუხს არასდროს ვცემ, რადგან არ მიყვარს პირადზე საჯაროდ ლაპარაკი. ზოგს ჰგონია, რადგან არ ვლაპარაკობ, რაღაცას ვმალავ, სასაუბრო არა მაქვს… სასაუბრო მაქვს, მაგრამ ამ თემაზე ხმამაღლა ლაპარაკი არ მიყვარს. თანამედროვე ცხოვრებამ, სოციალურმა ქსელებმა, ბლოგებმა, მოიტანა ის, რომ ხელ-პირს როდის ვიბანთ და შხაპს როდის ვიღებთ, ხალხმა ისიც კი იცის. მე ეს არ მომწონს. თუ ჩემზე რაღაც გახმაურებულა, ეს ჩემი მიზეზით არ ყოფილა, რადგან არასოდეს ვახმაურებ იმას, რაც ჩემი და პირადია. ამიტომ, ჩემს ცხოვრებაზე საერთოდ არ მინდა ვინმემ რაიმე თქვას – არც ცუდი და არც კარგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g