ვასილ ასპანიძე ხის ხელნაკეთ მანქანებს და აქსესუარებს პირადად ამზადებს. მას წალკაში პატარა სახელოსნო აქვს და ხისგან ქმნის – მერსედესის, ფერარის, ჰამერის, ბუგატის, ლენდროვერის, ვრანგლერის, ფორდის და კიდევ სხვა მოდელებს, რომლებიც ორიგინალი მანქანების ვიზუალს ზუსტად იმეორებს და თანაც, ეკოლოგიურად სუფთა და ბავშვებისთვის უსაფრთხოა.
ვასილი ახლა უკვე ბიზნესის განვითარებაზე და წარმოების ზრდაზე ფიქრობს. საკუთარი ბიზნესის შესახებ და სამომავლო გეგმებზე მან „ფორტუნას“ გადაცემაში „ბიზნესკურიერი“ გიორგი კეპულაძესთან ერთად ისაუბრა.
– ვასილ, როგორ დაიწყეთ, საიდან წამოვიდა იდეა, როგორ მიხვედით აქამდე?
ეს ბიზნესი დავიწყე 3 წლის წინ. დისშვილი შემეძინა და მინდოდა მისთვის, რაღაც ორიგინალური საჩუქარი გამეკეთებინა, რაც მისთვის განსაკუთრებული იქნებოდა. ვიფიქრე პატარა ხისგან ავტომობილს გავუკეთებ-მეთქი. თავიდან ყველა სკეპტიკურად უყურებდა, არ გამოგივა ტყუილად წვალობო, მაგრამ ზოგადად, ცხოვრებაში რასაც მოვინდომებ ყველაფერს ვაკეთებ ხოლმე.
შევქმენი თავიდან მანქანის პატარა ხის მოდელი, გავუგზავნე საჩუქრად და როდესაც მისმა მშობლებმა და ახლობელმა ადამიანებმა ნახეს, გაოცებულები და აღფრთოვანებულები იყვნენ. მას შემდეგ დავიწყე და უკვე 3 წელია ვმუშაობ.
– თქვენ უკვე ფიქრობთ, რომ ეს აქციოთ ერთგვარ ბიზნესად? გაგვიზიარეთ თქვენი გეგმები.
თვითნასწავლი ვარ. არსად არაფერი მისწავლია. ჩემით ვქმნი ნახაზებს. ჯერ ნახატებს ვაკეთებ, შემდეგ გადამაქვს ფურცელზე, კომპიუტერში ვხაზავ, შემდეგ მაკეტს ვაკეთებ, ვჭრი. დიდი დრო სწორედ ამ პროცესს მიაქვს. როდესაც ეს პროცესი დასრულდება, ვიწყებ მოდელების დამზადებას.

ვგეგმავ გაფართოებას, მინდა, რომ ახალი სიტყვა შემოვიტანო ქართულ ბაზარზე, რომელიც იქნება სრულიად ნატურალური ხისგან დამზადებული, რადგან ასეთ მოდელებს საქართველოს მასშტაბით ჯერ არავინ აკეთებს.
ასევე მინდა, რომ მოვიზიდო ინვესტიცია, დაფინანსება, რომელიც საშუალებას მომცემს შევიძინო თანამედროვე დანადგარები. ეს გამიადვილებს სამუშაოს და უკეთეს შედეგს მივიღებ, ვიდრე ახლა ვამზადებ. ყველაფერს ვაკეთებ ხელით, არანაირ დანადგარს არ ვიყენებ.
– დამხმარე მუშახელი ალბათ დაგჭირდებათ?
სამომავლოდ კი, რადგან თუ გაფართოებას გადავწყვეტ აუცილებლად დამჭირდება.
– გაყიდვა თუ გიცდიათ?
მაქვს Facebook გვერდი. სხვათა შორის, გუშინ ამერიკიდან ქართველმა შეუკვეთა „ფერარის“ მოდელის ავტომობილი. არის გაყიდვებიც, თვეში შეიძლება 10-15 მოდელი გაიყიდოს, ძირითადად ონლაინ შეკვეთით.
– ბიზნესგაფართოება, როგორც წარმოების ასევე გაყიდვების გაფართოებასაც მოიაზრებს?
რა თქმა უნდა. ამ ეტაპზე მოლაპარაკებას ვაწარმოებთ ისრაელის წარმომადგენლებთან, რომ გავიტანოთ ჩემი ნამუშევრები ისრაელში. სავარაუდოდ დადებითად გადაწყდება, რისი სურვილიც ორივე მხარეს გვაქვს. მოლაპარაკებას ვაწარმოებთ ასევე ამერიკასა და თურქეთთან.
თუ მოლაპარაკებები დადებითად დასრულდება, აუცილებლად მოგვიწევს გაფართოება და მასიური წარმოება.
– რამდენადაც ვიცი, რეგიონში ცხოვრობთ და ადგილზე ამზადებთ პროდუქციას. საინტერესოა ადგილობრივი კადრების დასაქმების პერსპექტივა თუ არის?
კი, ძალიან ბევრი დაინტერესებულია ჩემს საახლობლოსა და სამეზობლოში, ვისაც აქვს სურვილი, რომ მიიღოს მონაწილეობა. თუ გაფართოებას გადავწყვეტ, აუცილებლად ადგილობრივ მოსახლეობას და მცხოვრებლებს, რაც მთავარია ახალგაზრდებს დავასაქმებ, ბევრი დაინტერესდა და ყველას უნდა ამ საქმის შესწავლა.
13-14 წლის ბავშვები მეუბნებიან გვასწავლეო. გავუზიარებ ჩემს ცოდნას აუცილებლად ყველას ვისაც სურვილი ექნება და რა თქმა უნდა დავასაქმებ, რადგან გაჩნდება სამუშაო ადგილები და შემოსავალი ექნება ადგილობრივ მოსახლეობასაც.
რაც ყველაზე მთავარია, არ შეიცავს არანაირ რკინის დეტალს. მხოლოდ ხისგან არის დამზადებული, არ შეიცავს ტყვიას, რომელიც ბავშვებისთვის საზიანოა. ძირითადად ვამზადებ კაკლის ან წიფლის ხისგან.
მოდელების შეძენა შესაძლებელია დეკორაციისთვის, სასაჩუქრედ, საკოლექციოდ, ბავშვებისთვის სათამაშოდ.