LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეკოლოგიური კატასტროფა მდინარე ძირულაზე!“ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე საქმის წარმოება დაიწყო

160
BeFunky-collage (6)

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოციალურ ქსელში, მდინარე ძირულას დაბინძურების შესახებ გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე, საქმის წარმოება დაიწყო.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული,  საუბარია 11 ივლისს გავრცელებულ კადრებზე, რომელზედაც დახოცილი თევზები ჩანს.

“ეკოლოგიური კატასტროფა მდინარე ძირულაზე! ალბათ გაწყდა თევზის 90 %. გუშინ თეთრად მოდიოდა მდინარე და არ მქონდა გადაღების საშუალება. დღეს კი ეს სურათია და ასეა მთელ მდინარეზე! არანაირი სულიერი აღარ მოძრაობს წყალში! არავინ არაფერი არ იცის რა მოხდა. უპატრონო ქვეყანაში ვცხოვრობთ!”,- წერდა მოქალაქე სოციალურ ქსელში.

 

დეპარტამენტის განცხადებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისაში მდინარე ძირულადან აღებულია მდინარის წყლის სინჯები და დახოცილი თევზის ნიმუშები.

კვლევების მიზნით სინჯები და ნიმუშები შესაბამის ლაბორატორიაში გადაგზავნეს.

“დადგინდა რომ მითითებულ ტერიტორიაზე განთავსებულია ბეტონის საწარმო და შესაძლოა მომხდარი უკავშირდებოდეს აღნიშნული ობიექტის მხრიდან მდინარის დაბინძურებას.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ დაწყებულია ბეტონის საწარმოს ინსპექტირება.

ლაბორატორიული კვლევების პასუხების მიღებისა და ინსპექტირების დასრულებისთანავე, გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები”— ნათქვამია განცხადებაში.