რა თქმა უნდა, პირველ მარტს 50 000 დამატებით დასაქმებულს ვერ მივიღებთ, მაგრამ ეს პროცესი დაიწყება მარტიდან და გვაქვს რამდენიმე ათეული ათასი ადამიანის დასაქმების მოლოდინი, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„ჩვენ დაახლოებით, ეს მოლოდინები გვაქვს, რამდენიმე ათეული ათასი ადამიანის დასაქმების. კერძო სექტორში დასაქმების აქსელერაციაზეც, ალბათ, ძალიან ინტენსიურად ვიმუშავებთ. მათ შორის, მეორე ინიციატივა, რაც პრემიერმა განაცხადა, ეს იყო სამშენებლო სექტორის წახალისება“, – განაცხადა დავითაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ სამშენებლო სექტორი, რას გულისხმობს ამ სექტორის წახალისების ინიციატივა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ეს არის ერთ-ერთი სექტორი, რომელიც დიდწილადაა დაკავშირებული ადგილობრივ წარმოებასთან, გარკვეული კომპეტენცია-კვალიფიკაცია ამ კუთხით გვაქვს და ამ პოტენციალის გამოყენება უფრო სწრაფად შეიძლება, ვიდრე სხვა სექტორების, სადაც კომპეტენციების ზრდას უფრო მეტი დრო სჭირდება, რაზეც ასევე მიდის მუშაობა.
მინისტრის თქმით, ეკონომიკური გუნდის ამოცანაა, მდგრადად განავითაროს და ხელი შეუწყოს იმ დარგების განვითარებას, რომლებიც მდგრადად აგენერირებს კერძო სექტორიდან მოთხოვნას, მათ შორის, სამშენებლო მიმართულებით და ა.შ.
