„რატომ ფიქრობთ, რომ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება აშშ – ს და ევროკავშირს სიკეთეს მოუტანს, ხოლო ჩვენთვის სახიფათოა? საქმე ისაა, რომ დიდი ხანია თქვენ ჩვენს ქვეყანას უყურებთ როგორც არშემდგარ სახელმწიფოს, ხოლო ქართველ ხალხზე გაქვთ მცდარი წარმოდგენა, თითქოს მას კარგის და ავის გარჩევა არ შეუძლია, მაგრამ საბედნიეროდ ასე არ არის“- ამის შესახებ ნათქვამია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
აღნიშნული განცხადებით „ხალხის ძალა“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებებს ეხმაურება და ქართველი ხალხის მიმართ „უკიდურესად შეურაცხმყოფელს“ უწოდებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ელჩმა „წითელი ხაზი“ გადაკვეთა.
„ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარია ჩინეთთან საქართველოს ურთიერთობების შესახებ ელჩის განცხადებაზე და მის მიმართ დასმულია კითხვა, რატომ აღრმავებს აშშ ყოველწლიურად ჩინეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს, „თუ ჩინეთი აფინანსებს რუსეთს, ხოლო ამჟამად რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინაში“.
„გუშინ ჩვენი „სტრატეგიული მეგობრის“, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, ქალბატონმა რობინ დანიგანმა პირველი მწვავე და ქართველი ხალხის მიმართ უკიდურესად შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა, რასაც ცხადია, უპასუხოდ ვერანაირად ვერ დავტოვებთ. თუ აქამდე ახალი ელჩი მეტ-ნაკლებად ცდილობდა, პოლიტიკური ლავირება მოეხდინა და არ შეხებოდა ისეთ თემებს, რაც პირდაპირ ურტყამს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, ამჯერად ეს წითელი ხაზი მანაც გადაკვეთა. ეს გასაგებიცაა და მოსალოდნელიც იყო, რადგან იმ პირობებში, როცა აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით არაადეკვატურ, ჩაგვრასა და შეურაცხყოფაზე დაფუძნებული პოლიტიკას აწარმოებს, ელჩ დანიგანს არავინ მისცემდა უფლებას, რომ შედარებით ნეიტრალური პოზიციონირებით თავი აერიდებინა მოქმედ ხელისუფლებასთან ურთიერთობის გამწვავებისთვის.
ქალბატონმა ელჩმა დაგვიწუნა ჩინეთთან ბოლო პერიოდში გაღრმავებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და იქვე მიზეზიც დაასახელა – ჩინეთი რუსეთს აფინანსებს, რუსეთი თქვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტია და არ მესმის, რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირები იმ ქვეყნის მმართველ პარტიასთან, რომელიც საქართველოს ოკუპანტს აფინანსებსო… „შესაშური“ ლოგიკაა, ვერაფერს იტყვი, მაგრამ შეუძლებელია ელჩის ამ ლოგიკას გაჰყვე თუნდაც სერიოზული მსჯელობის დონეზე, რადგან გზად იმდენი ბუნებრივი ბარიერია, რომ გამორიცხულია დანიგანის ამ განცხადებამ ჩიხში არ შეგვიყვანოს.
პირველ რიგში, გვსურს მარტივი კითხვა დავუსვათ რობინ დანიგანს – თუ ჩინეთი აფინანსებს რუსეთს, ხოლო ამჟამად რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინაში და ახდენს მისი ტერიტორიების ოკუპაციას – რატომ აღრმავებს აშშ ყოველწლიურად ჩინეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს?
თუ ჩინეთთან ურთიერთობა სახიფათო და საფრთხის შემცველია, რატომ ამყარებს და აღრმავებს ევროკავშირი საკუთარ ეკონომიკურ და პოლიტიკურ კონტაქტებს და რატომ აკეთებენ ანალოგიურს ევროკავშირის ქვეყნები დამოუკიდებლად, გაერთიანების მიღმა?
აი, როგორ გამოიყურება რიცხვებში აშშ-ს და ევროპის 2023 წლის სავაჭრო ურთიერთობები ჩინეთთან: აშშ-ჩინეთის წლიური სავაჭრო ბრუნვა 575 მილიარდი დოლარია, ხოლო 2017 წლიდან დღემდე აშშ-ს ეკონომიკაში ჩინური ინვესტიციების მოცულობა საშუალოდ წელიწადში 35 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან 860 მილიარდი დოლარია.
რატომ ფიქრობთ, რომ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება აშშ – ს და ევროკავშირს სიკეთეს მოუტანს, ხოლო ჩვენთვის სახიფათოა? საქმე ისაა, რომ დიდი ხანია თქვენ ჩვენს ქვეყანას უყურებთ როგორც არშემდგარ სახელმწიფოს, ხოლო ქართველ ხალხზე გაქვთ მცდარი წარმოდგენა, თითქოს მას კარგის და ავის გარჩევა არ შეუძლია, მაგრამ საბედნიეროდ ასე არ არის.
ქართულმა საზოგადოებამ ბოლო 30 წლის განმავლობაში კარგად ისწავლა კეთილისა და ბოროტის, ქვეყნისთვის სასარგებლოსა და საზიანოს გარჩევა და როდესაც გვეუბნებით, რომ თქვენ ივაჭრებთ ჩინეთთან, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ამის უფლება, ჩვენ ისე მოვიქცევით, როგორც ჩვენს ქვეყანას და მის განვითარებას წაადგება. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მძიმედ დაზიანდება, თუ საქართველო ჩინეთთან გაწყვეტს ეკონომიკურ ურთიერთობას, სწორედ საქართველოა. ჩინეთის ეკონომიკაზე საქართველოსთან ვაჭრობა და აქ ინვესტიციების განხორციელება, ან პირიქით – ეკონომიკური ურთიერთობების მთლიანად გაწყვეტა ჩინეთისთვის არაფერს ნიშნავს და მის ეკონომიკაზე ოდნავადაც ვერ აისახება, სამაგიეროდ საქართველოსთვის აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. შეგახსენებთ, რომ სწორედ ასეთივე უხეში ფორმით ითხოვდით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე, დაგვეწესებინა სანქციები რუსეთისათვის და ერთი ხელის მოსმით გაგვეწყვიტა ყველანაირი ეკონომიკური და სავაჭრო კონტაქტები, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ. მიზეზი აქაც მარტივი იყო – ამ უგუნური ნაბიჯით რუსეთს ვერაფერს დავაკლებდით, ხოლო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და ქართველ ხალხს ნამდვილად გამოვუწერდით ჩვენივე ხელით „უმძიმეს სანქციებს”, რომელთა შედეგები ათეული წლების განმავლობაში მძიმე დაღად დააჩნდებოდა ჩვენი ხალხის ცხოვრებას.
ილუზია და ქართველი ხალხის დაცინვაა თქვენი მხრიდან მუდმივი აპელირება 6 მილიარდიან დახმარებაზე, რომელიც, თურმე, 30 წლის განმავლობაში ქართველ ხალხს მოახმარეთ. ჯერ ერთი, საქართველოში შემოსული ამერიკული დახმარება, რაც ჩვენ დავითვალეთ, არის არა 6, არამედ, დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი 30 წლის განმავლობაში. და მეორე – ამ თანხის დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, დაიხარჯა საქართველოში თქვენს მიერ დაფინანსებული ენჯეოების ხელით თქვენივე საყვარელი პარტიის – „ნაცმოძრაობის“ – ჯერ ხელისუფლებაში მოყვანისათვის, შემდეგ მისივე უწყვეტი მხარდაჭერისათვის. და მესამე – დღეს უკვე ეს თანხები ძირითადად ისევ იმ ენჯეოებს ხმარდება, რომლებიც ჩვენი სამშობლოსთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან და რომელთაც ერთადერთ მიზნად „ქართული“ აგენტურული ქსელის, არაერთგზის სახე და სახელცვლილი, მაგრამ მარად მონებად და სამშობლოს გამყიდველებად დარჩენილი „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება განუზრახავთ.
იძულებულნი ვართ, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის წვლილი, რაც საქართველომ, თქვენთან პარტნიორობის ფარგლებში, საერთაშორისო მისიებში შეიტანა. ჩვენი მონაწილეობის გარეშე მხოლოდ ავღანეთის მისია აშშ-ს მინიმუმ 2 მილიარდი დოლარით მეტი დაუჯდებოდა, თუმცა ეს არც არის სახსენებელი იმ ადამიანურ მსხვერპლთან, რაც ჩვენმა სამშობლომ და ხალხმა ამ მისიაში გაიღო.
ცალკე საუბრის და გამოძიების თემაა 2008 წლის აგვისტოს ომის პერიპეტიები, როცა, ჩვენი სამშობლოს 20 პროცენტის ოკუპაციის შემდეგ, ქვეყანაში მართლაც დაიხარჯა სოლიდური ამერიკული „ფინანსური დახმარება“, მაგრამ სანამ ამ დახმარების საჭიროება დადგებოდა ქვეყანაში, თქვენმა საყვარელმა პარტიამ ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველო სწორედ ამ უმძიმესი მოცემულობის წინაშე დამდგარიყო. დიახ, აგენტურამ 2008 წელს მოაწყო უმძიმესი პროვოკაციები და რომ არა ეს მიზანმიმართული ბოროტება საკუთარი ქვეყნის მიმართ, რომ არა დავალებების უსიტყვო შესრულება და მონური მორჩილება, საქართველო ომის ქარცეცხლში არ გაეხვეოდა. არ იქნებოდა ასეულობით ქართველის მსხვერპლი, არ გვეყოლებოდა 35000 ახალი დევნილი, არ მოხდებოდა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია და ეკონომიკის სერიოზული ჩამოშლა.
სერიოზული კითხვის ნიშნები გვაქვს ამ პროცესებში თქვენს როლთან და ფუნქციასთან დაკავშირებით, რადგან დღეს უკვე პატარა ბავშვმაც კი იცის საქართველოში, რომ სააკაშვილი და მისი აგენტურული ბანდა სწორედ რომ ოკუპაციის გამოსაწვევად ასრულებდა უმძიმეს დავალებებს საქართველოს წინააღმდეგ. სწორედ აგვისტოს ამ მოვლენების შემდეგ დაერქვა რუსეთს „ოკუპანტი“, ხოლო აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი, რაც უკვე შემდგომ წლებში – ვიდრე დღემდე, მეტ-ნაკლები წარმატებით გამოიყენება პროპაგანდის საწარმოებლად და საზოგადოებრივი აზრის ტერორისთვის. აგვისტოს ომის შემდეგ გაწეულ დახმარებაზე კი (რაც აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარებაში სერიოზულ წილს შეადგენს) მარტივად გეტყვით – თქვენ უბრალოდ სხვა გამოსავალი არ გქონდათ, რადგან ომისგან ჩამოქცეულ ეკონომიკაში ფული რომ არ ჩაგესხათ, ამ ჩამოქცეულ ეკონომიკას თქვენი საყვარელი ნაცმოძრაობაც თან გადაჰყვებოდა. სინამდვილეში, თქვენ ეს ფული თქვენივე აგენტურის ხელისუფლებაში დასატოვებლად გადაიხადეთ. დიახ, ეს იყო თქვენი მიზნებისათვის გაწეული ხარჯი, თორემ ათიათასობით დევნილისთვის წეროვანის ბარაკებში ჩასახლება როგორი „ღირსეული“ დახმარებაცაა, ამას ქართველი ხალხი კარგად ხედავს.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, თქვენ მაინც ჯიუტად დახმარებად გვითვლით და მუდმივად გვამადლით იმ მითურ 6 მილიარდს, რომელიც სინამდვილეში 4 მილიარდიც არ არის და ძირითადად თქვენივე აგენტურის გამაგრებას და მათ გაძლიერებას ხმარდება. ამიტომ, კიდევ ერთხელ დაჟინებით გთხოვთ, გამოაქვეყნოთ თანხების დეტალური ხარჯთაღრიცხვა და საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელი გახდება. თქვენ რომ ჩვენს ქვეყანასთან ნამდვილად მეგობრული ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა გსურდეთ, ანაკლიის პორტს სწორედ ამერიკული ინვესტიციით ააშენებდით, თანაც დიდი ხნის წინ. მიუხედავად არაერთი შემოთავაზებისა, თქვენ ყველა ჯერზე უარი თქვით პორტის აშენებაზე და ახლა, როცა რეალური ინვესტორი გამოჩნდა, ამ პროექტისა და მისი ინვესტორების მიმართ
თქვენი დამოკიდებულებით ნათლად აჩვენებთ, რომ ერთადერთი მიზანი, რაც თქვენ გამოძრავებთ, არის პროექტის ჩაშლა და პორტის მშენებლობის გაუქმება.
თქვენ რომ ჩვენ ქვეყანასთან ნამდვილი სტრატეგიული კომუნიკაციით იყოთ დაინტერესებულნი, საქართველოს მოქალაქეები აშშ-ს ვიზების გაცემის სტატისტიკით სამარცხვინოდ არ იქნებოდნენ ავღანეთის გვერდით, იმ ავღანეთის, სადაც დემოკრატიის დასამყარებლად წლების განმავლობაში ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად ვიბრძოდით და სისხლი დავღვარეთ, ბოლოს კი პასუხად ის მივიღეთ, რომ ავღანელები უფრო ხშირად იღებენ აშშ-ს ვიზებს, ვიდრე ქართველები. რა ჰქვია ამას, სტრატეგიული პარტნიორობა თუ ჩვენი ქვეყნის და ხალხის დაცინვა და შეურაცხყოფა?
სამწუხაროდ, „სტრატეგიული პარტნიორისგან“ ჩვენ აღარაფერი გვიკვირს და აღარაფერი გვაოცებს. უფრო მეტიც – ყველა თქვენი შემდეგი სვლა და მოწოდება ჩვენთვის ნაცნობი და მოსალოდნელია. როგორც ახლა გვეუბნებით, რომ თურმე თქვენ ივაჭრებთ ჩინეთთან, გააღრმავებთ ეკონომიკურ ურთიერთობებს, მაგრამ ჩვენ ამის უფლება არა გვაქვს, რადგან, თითქოს, ეს ურთიერთობა ჩვენ დაგვაზიანებს. ზუსტად ასე გვეუბნებოდით, რომ გამჭვირვალობის კანონი, რომელიც თითქმის 80 წელია აშშ-ში მოქმედებს და წარმატებით იცავს ამერიკის სახელმწიფოს და ამერიკულ დემოკრატიას, საქართველოსთვის დამღუპველი იქნებოდა. საბედნიეროდ, ქართველმა ხალხმა ეს ტყუილი არ მიიღო და ამგვარი ორმაგი სტანდარტი მიუღებლად და შეურაცხმყოფლად მიიჩნია.
ნუ გაგიკვირდებათ და ნუ შეშფოთდებით, თუ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ სწორედ იმას გავაკეთებთ, რასაც თქვენ აკეთებთ თქვენი ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. და რადგან თქვენ სიტყვით გვაჯერებთ, რომ ჩვენი მეგობრები ხართ, ხოლო საქმით სრულიად საპირისპიროს ვხედავთ, ვიტოვებთ უფლებას, თავად გადავწყვიტოთ, როგორ წარვმართოთ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე და როგორც ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული პოლიტიკური ძალა, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გასაძლიერებლად და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, თუნდაც ეს იმ – მხოლოდ ფურცელზე დაწერილი და ჰაერზე ნათქვამი – “სტრატეგიული პარტნიორობის” გადახედვად დაგვიჯდეს, რის მუქარასაც ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ვისმენთ და თანაც ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან“- ნათქვამია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.