თაკო მელიქიშვილის და ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას გადაცემას „გზაჯვარედინი“ ელდინო საღარაძე სტუმრობდა, რომელმაც ეგოიზმზე, ამპარტავნებაზე, მსგავსი თვისებების გამოსწორების მნიშვნელობაზე, ეზოთერიკაზე და საკუთარ წიგნზე ისაუბრა.
ქალბატონო ელდინო, როგორ შეიქმნა თქვენი წიგნი?
ფაქტობრივად, ეს არის ჩემი ცხოვრების გზა, დაწყებული იქიდან, როცა პროფესიას ვირჩევდი. ჩემს მაშინდელ არჩევანს საერთო არაფერი ჰქონია იმასთან, რასაც დღეს ეს წიგნი ლაპარაკობს. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ახალგაზრდები მაშინ ირჩევენ პროფესიას, როცა ამისთვის მზად საერთოდ არ არიან, როცა თავიანთი თავი, შესაძლებლობები, პოტენციალი შემეცნებული არ აქვთ, მათი სურვილებიც კი არ არის ფორმირებული, არ იციან, რა უნდათ. ამის მსხვერპლი მეც აღმოვჩნდი. ამ დროს ჩაერევიან ხოლმე მშობლები, კეთილის მსურველები და ა.შ. მეც ასე ავირჩიე პროფესია და გავხდი ფიზიკოსი. არადა, მთელმა ჩემმა გარემოცვამ იცოდა, რომ ელდინო სცენისთვისაა დაბადებული. მოხდა ისე, რომ სცენაზე მშობლებმა არ გამიშვეს იმ გაგებით, რომ მსახიობობა სერიოზული პროფესია არაა და ა.შ. როცა მართლა გავხდი მსახიობი, მერე მივხვდი, თუ რატომ მინდოდა მსახიობობა. მთელი ჩემი სააზროვნო და შესაძლებლობითი სივრცე წაიღო იმ მარგალიტების კითხვამ, რომელსაც ჩვენი კლასიკა ინახავს და მიყვარდა სცენიდან კლასიკოსების კითხვა. სცენაც მიყვარდა, მაგრამ თურმე ლიტერატურა უფრო. ლიტერატურაში ის სიბრძნე მიყვარდა, რომელსაც ქართული კლასიკა ინახავს. სიბრძნის სიყვარულმა მატარა, მატარა, მოვხვდი ჯერ ერთ საზოგადოებაში, მერე მეორეში, მესამეში და მესამე საზოგადოებიდან, „იბერიონი“ უკვე ფეხი აღარ მომიცვლია.
რას აერთიანებს „იბერიონი“ და რა იპოვეთ ამ ორგანიზაციაში?
აქ მე და ჩემმა სამეგობრო წრემ ვიპოვეთ, როგორ უნდა გახდეს ქმნილება ადამიანი, რომ ადამიანი ხელწამოსაკრავი სიტყვა არ არის და რომ ადამიანი ეს სულიერი საფეხურია. შეიძლება დაისვას შეკითხვა, „აბა, იქამდე რა არის?“, იქამდე ადამიანს ძალიან საინტერესო დასახელებები აქვს და ეს დასახელებები ეგოიზმის განვითარების დონეებიდან მოდის. ეგოიზმი არის ჩვენი საწყისი მე და ეგოიზმიდან ამოსვლას რომ იწყებ, აქედან იბადება ადამიანი.
როგორ უნდა მივხვდეთ, ვართ თუ არა ადამიანები?
როცა გაჩნდება კითხვები, ვინ ვარ, რისთვის ვარ დედამიწაზე და საით მივდივარ ჩემი ყოველდღიური საქმიანობით და ეს შეკითხვები აღარ მოგასვენებს და დაიწყებ მოძრაობას, რომ როგორმე ამ საოცარ შეკითხვებს მიაგნო და როცა მიაგნებ, მერე უკვე იწყებ მათ აღსრულებას. ეს არ არის მარტივი, მე როდის დაწყებული ჩემი ცხოვრებით მხოლოდ ახლა, ამ დროში განვხორციელდი იმ ასპექტში, რომ მომინდა იმის გაცემა, რაც ვისწავლე. აი ამ გაცემიდან იწყება ადამიანობა, მიღება საკუთარი თავისთვის და საკუთარი სიამოვნებისთვის ეს ეგოიზმია და გაცემა ეს უკვე ალტრუიზმია, როცა შენი მოტივაცია ყველაზე კეთილშობილურია, რომ გასცე ის, რაც ქმნილებას ადამიანად გადააქცევს და მას საკუთარი, ინდივიდუალური მისიის აღსრულებაში მოეხმარება. აი ამაზეა ჩემი წიგნიც.
თავად თუ არ მივიღე ცოდნა, როგორ უნდა გავცე?
საქმე იმაშია, რომ აუცილებლად უნდა მიიღო. ადამიანი მთლად შიშველი დაიბადა, ფიზიკურ დონეზე იქიდან არაფერი ჩამოუტანია, მაგრამ სულიერ დონეზე მან მისი ის ეგოისტური თვისებები ჩამოიტანა, რომლებიც წინა ინკარნაციაში ვერ გამოასწორა. ფაქტობრივად, ეს ეგოისტური თვისებები ქმნიან ბედისწერას. თუ შენ ამ ინკარნაციაში არაფერი გააკეთე ამ ეგოისტური თვისებების გამოსასწორებლად, შენ შენი ბედიც ჩამოგაქვს.
რამ გამოიწვია ის, რომ ეზოთერიკას საქართველოს კულტურაში, ენაში ძალიან დიდი სიღრმე აქვს?
ეზოთერიკას ძალიან ღრმა ფესვები აქვს, ეს ჩვენი ერის სიძველემ გამოიწვია. ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი მკვლევრები, ეზოთერიკოსები, რომლებმაც ქართული ენის ისეთი წიაღები გახსნეს, პირდაპირ მიღმიურ სამყაროს რომ უკავშირდება ქართული ენა, თავისი ბგერებით და სიტყვებით. მაგალითად, სიტყვა არამზადა, ანუ მზად არ არის, რომ დაიწყოს მიღმიური აზროვნება. მზაობა ნიშნავს იმას, რომ მე ჩემი ეგოისტური თვისებები, ჩემი ამპარტავნება, შურიანობა, სიხარბე, სიზარმაცე, სიძუნწე გავიაზრე. საქმე იმაშია, რომ ამით უნდა დაიწყოს ძალიან დიდი ხანა ადამიანის აზროვნებაში. წიგნში ძალიან არგუმენტირებულად არის მოცემული, თუ როგორ უნდა მივიდეს ადამიანი იქამდე, რომ მან თქვას, მე ამპარტავანი ვყოფილვარ და ძალიან ბევრი ჩემი უბედურება, თურმე, ჩემი ამპარტავნებიდან, ჩემი შურიანობიდან მოდის. ადამიანი იწყება, როცა გაიაზრებ, რომ შენში ეგოისტური თვისებაც არის და მოგინდება გამოსწორება, რადგან სხვანაირად სულიერი სამყაროს ბინადარი ვერ გახდები. ბიბლია იწყება ამით, თავდაპირველად ღმერთმა შექმნა მიწა და ცა და ყველა იფიქრებს, რომ მიწა არის ის, რაზეც დავდივართ და ცა კიდევ არის, რასაც ზემოთ ახედვისას ვხედავთ. აქ კოდების ენა მუშაობს, მიწა არის ეგოიზმი, ანუ თვისება შექმნა უფალმა, სიამოვნების მიღების თვისება, ცა კი არის ღმერთის თვისება, ალტრუიზმი და მორჩა, სამყაროს ბიპოლარულობას საფუძველი ჩაეყარა. არის ორი პოლუსი მიწა და ცა, ანუ ეგოიზმი და ალტრუიზმი. აი ეს საკითხებია მოცემული ჩემს წიგნში. წიგნში არის მეთოდები, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა იპოვოს თავისი ეგოისტური თვისებები და გადაიყვანოს ალტრუისტულში. ამ ტრანსფორმაციით ადამიანი თავის შინაგან სამყაროში შინაგან ეკლესიას ააგებს. ქრისტე ჩვენში ეს არის განულებული ეგოიზმი.
ქრისტიანობას და ეზოთერიკას თუ აქვთ საერთო?
ეზოთერიკა ეს ხომ მიღმიურის ხედვა]ა და შეგრძნებაა. რა თქმა უნდა, მხოლოდ ეზოთერიკული, ანუ მიღმიური, სულიერი აზროვნებით შეიძლება მიხვიდე ქრისტეს შეგრძნებამდე. გონების დონეზე გააზრება შეუძლებელია, ის უნდა შეიგრძნო და ეს შეგრძნება საფეხურეობრივად მოდის იმის მიხედვით, თუ რამდენად შეძლებ გაასწორო შენი შური, ამპარტავნება, სიხარბე.
რას გვეტყვით კაბალაზე?
კაბალას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ბუასთან აიგივებდნენ. სიტყვა კაბალა განიხილება, როგორც კომპოზიტი, კაბა და ალი. ალი ეს ცეცხლის ყველაზე მხურვალე ნაწილია, კოდების ენაზე კი ცეცხლი ღვთაებრივი სიბრძნეა. კაბა არის შესამოსელი, რომელიც ამ ღვთაებრივ სიბრძნეს ფარავს. ღვთაებრივი სიბრძნე აუცილებლად დაფარული უნდა ყოფილიყო, რადგან უბრალოდ რომ ვთქვათ, ღორებს მარგალიტი არ უნდა დაუყარო. რა თქმა უნდა, არ შეიძლებოდა იმ უზარმაზარი სიბრძნეების მიცემა ისეთი შემეცნების მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც ამას აუცილებლად ბოროტი მიზნებისთვის გამოიყენებდნენ. ეს კაბალისტური ცოდნები უნდა გასაიდუმლოებულიყო და უნდა გახსნილიყო იმ დროს, როცა ეგოიზმის განვითარება უმაღლეს საფეხურს მიაღწევდა. კაცობრიობის ერთი ნაწილი გააგრძელებს ვარდნას, თავისი ეგოისტური ზრახვების დაკმაყოფილებას და თუ მეორე ნაწილი რაღაც ბალანსს არ შექმნის, შეძლება დედამიწა კატასტროფამდე მანამ მივიდეს, ვიდრე ის თავის მოვალეობას შეასრულებს. არის კიდევ ერთი საიდუმლო, როცა ეგოისტური ბუნების გამოსწორების შესაბამისად საფეხურებზე ადიხარ, იცვლება შენი გონებაც, ცხოვრებაც, ბედისწერაც, რადგან ის ბედი იმ დაცემულ მდგომარეობაში გქონდა, როცა აღმასვლას იწყებ, იქ უკვე სხვა რამ გეკუთვნის.
საიდან უნდა დავიწყოთ ეს ყველაფერი?
საკუთარი თავის შეცნობით. ამის სხვადასხვა მეთოდი არსებობს.
გადაცემის აუდიოჩანაწერი