პოეტი, მსახიობი ელდინო საღარაძე სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს და აღშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ხელისმოწერა მწერალთა აკადემიის მიმართვაზე თეა წულუკიანის მიმართ ნამდვილი არ არის.
გთავაზობთ ელდინო საღარაძის გამოხმაურებას:
„დილიდან არ წყდება ზარი ჩემს ტელეფონზე. მირეკავენ შეშფოთებული მეგობრები, აინტერესებთ, რამ მიმაღებინა მონაწილეობა ჩემთვის ამ სრულიად შეუფერებელ საქმეში, რასაც ქ. თეა წულუკიანის მიმართ მწერალთა აკადემიის მიმართვა ჰქვია. მე კი მხოლოდ მათგან გავიგე ამ მიმართვის შესახებ. განსაკუთრებული წუხილი ამ ფაქტის გამო ბატონმა ლერი ალიმონაკმა გამოთქვა, როგორც ერთ-ერთმა ვითომ ხელისმომწერმა ამ მიმართვაზე. მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ წავიკითხე წერილი.
გაოგნებული ვარ. კობა არაბულის ნიჭიერებისა და პატრიოტობის ამბავი მთელმა საქართველომ იცის. მაგრამ ამას არც ნიჭიერება ჰქვია და არც პატრიოტობა. სრულად ვემიჯნები წერილის პათოსს და ვთხოვ ბატონ კობა არაბულის, ჩემი ეს პოსტი მწერალთა აკადემიიდან გასვლის განაცხადად ჩათვალოს, სადაც მხოლოდ იმ მოტივით შევედი, რომ ქართული საქმე მეკეთებინა. ასე არ კეთდება ქართული საქმე!
შეურაცხყოფილი ვარ. სულ მცირე, რაც მიმართვის ავტორს უნდა გაეკეთებინა, ის იყო, რომ ხელის მომწერებს შეთანხმებოდა.
ბატონმა ლერიმ მთხოვა, ამ განაცხადის ბოლოს მისი ხელმოწერაც დამესვა, როგორც პოსტის ყველა პუნქტის გამზიარებლისა“.