არაერთხელ გვითქვამს, რომ ქუჩაში ბრძოლის სცენარებზე, გვაქვს სპეციფიკური მიდგომა – ჩვენ არ ვაპირებთ, რომ წინასწარ დავაანონსოთ, როდის რას ვიზამთ, ეს ყოველთვის იქნება მოულოდნელი, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები ყველა პრინციპულ საკითხზე თანხმდებიან.
„ჩვენ ვართ მუდმივ კოორდინაციაში ყველა პრინციპულ საკითხზე.
კერძოდ, პირველი, პარლამენტში არშესვლა, ეს არის მთავარი, ფუნდამენტური [საკითხი]. ამ არჩევნების არ აღიარება, ამაში აბსოლუტურად, ერთიანები ვართ.
მეორე, საერთაშორისო არაღიარებაზე მუშაობა, სადაც გვაქვს სრული თანამშრომლობა პრეზიდენტთან და ჩვენს პარტნიორებთან.
მესამე, ეს არის ქუჩაში ბრძოლა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ქუჩაში ბრძოლის სცენარებზე, ჩვენ გვაქვს სპეციფიკური მიდგომა. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ წინასწარ დავაანონსოთ, როდის რას ვიზამთ, ეს ყოველთვის იქნება მოულოდნელი და სხვადასხვა ფორმის.
ყველა ამ საკითხზე გვქონდა მსჯელობა და პრინციპული თანხმობა ყველა მიმართულებით გვაქვს”, – განაცხადა ხოშტარიამ.
ფოტო: ინტერპრესნიუსი