ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარიას შეხვდა. როგორც ხოშტარიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტარი საქართველოშია.
„დროას“ ლიდერი იმედოვნებს, რომ ფოტიგას მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის საშუალებას მისცემენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მოსაზრებით, ეს მორიგი სკანდალი იქნება.
„სააკაშვილის უფლებები წარმოუდგენლად ითელება. არ ვიცი ამ დრომდე შეძლებს თუ არა ანა ფოტიგა მასთან შესვლას. თავისთავად მისი ვერ შესვლა იქნება კიდევ ერთი დიდი სკანდალი და დარტყმა.
მნიშვნელოვანია, რომ ფოტიგაც და ჩვენი პარტნიორებიც ხედავენ, რომ მოქალაქეები, აქტივისტები და პოლიტიკოსები ვიბრძვით და არ ვეგუებით. არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ჩვენს ნაცვლად ააშენებს დემოკრატიას საქართველოში…
ჩვენი პარტნიორები საუბრობენ, რომ სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანდაცვის უფლება უნდა იყოს დაცული. სააკაშვილმა გადმოდგა ნაბიჯი და ახლა ჯერი „ქართულ ოცნებაზეა.“
მშვიდობიანი აქციები გაგრძელდება, ჩემი შიმშილობა გაგრძელდება, მანამ სანამ არ მივაღწევთ კონსტიტუციური სიცოცხლის უფლების დაკმაყოფილებას მესამე პრეზიდენტისა,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.