თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებულ პოლიტიკოსს, „დროას” ლიდერს, ელენე ხოშტარიას სასამართლომ 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
აღნიშნულ საქმეზე განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.
ელენე ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვის უფლებით უნდა ესარგებლა თავად ელენე ხოშტარიას, თუმცა, ის განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია.
ცნობისათვის, ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნულ საქმეზე ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო ჰქონდა შეფარდებული, რის გადახდაზეც მან უარი განაცხადა. ამის შემდეგ კი ის დააკავეს.
14 სექტემბერს, ელენე ხოშტარიამ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მის ბანერს გაუკეთა წარწერა: „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებდა მეგი დიასამიძეს, რომელიც სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
