LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე მარგალიტაშვილი: „გავხდი უცხოპლანეტელი და თავს ყველგან „მთავარის ჟურნალისტად“ მაგრძნობინებენ… ამ ქვეყანაში ჩემი ადგილი არ არის, ამიტომ მივდივარ…“

594
ელენე მთავარზე

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი ელენე მარგალიტაშვილი იხსენებს ერთი წლის წინ დადებულ პირობას საკუთარ თავთან, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ ყველასთან იკამათებდა და არავის დაუთმობდა ჰომოფობიასა და მისი საქმის სიძულვილზე საუბარს. ერთი წლის თავზე „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო:

„ერთი წელი გავიდა, რაც ეს პირობა დავდე და მინდა გითხრათ, რომ არ დამირღვევია.

შედეგად, ჩემი ცხოვრება გაცილებით უფრო რთული, უსიამოვნო, ცოტა გაუსაძლისი და ბევრად უფრო დამღლელი გახდა.

გავხდი ნაკლებად სასურველი, შემაწუხებელი და შარიანი სტუმარი ჩემი მეგობრებისთვის და ნათესავებისთვის. “უაზროდ” ვჩხუბობ და ვამტკიცებ რაღაცებს.

გავხდი უცხოპლანეტელი და თავს ყველგან „მთავარის ჟურნალისტად“ მაგრძნობინებენ, რაც რატომღაც ცინიკურ კონტექსტში განიხილება და არასოდეს ნიშნავს რამე კარგს (მათთვის). მე არავის ვეუბნები: „შე ბანკის თანამშრომელო“, „შე ბიზნესმენო“ან რამე მსგავსს. მაგრამ ჩემი ბავშვობის მეგობარს შეუძლია მითხრას, რომ მე ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ მთავარის ჟურნალისტი ვარ (რაზეც, რა თქმა უნდა, არასოდეს ვეთანხმები და არასოდეს ვჩუმდები). ან დამიწეროს, რომ ეს სტატუსი „დამავალეს” :დ რატომღაც, ყველას ერთდროულად დაავიწყდა, რომ მანამდეც ყოველთვის ვიდექი აქციებზე და არასოდეს ვმჯდარვარ სახლში, როცა ჩემთვის მნიშვნელოვანი საკითხი წყდებოდა. მათ შორის, არც 20 ივნისს, როცა მთავარის ჟურნალისტი არ ვიყავი და მაინც ვერ მესმოდა, რანაირად ეკიდათ ფეხებზე, როცა თავზე რუსეთის დუმას აფარებდნენ (ყველა მნიშვნელობით).

უნდათ, რომ გავჩუმდე და არ ვიბრძოლო იმაზე, რაზეც „აზრი არ აქვს“. უნდათ, რომ ყველას ცხოვრებით და ინტერესებით ვიცხოვრო, გარდა ჩემი ინტერესებისა. უნდათ, რომ მაინცდამაინც მე ვილაპარაკო იმ თემებზე, რაც არ მადარდებს, მაგრამ სხვებისთვის მნიშვნელოვანია. და როცა მეც მინდა, რომ იმაზე ვილაპარაკო, რაც ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, მე პროვოკატორი ვარ, ტვინი წავიღე და „ვა…კებ”.

ერთი წელია, ჩემთვის ძალიან სენსიტიურ და მნიშვნელოვან თემებზე საუბარს რომ ვიწყებ, იღლებიან ან ეცინებათ.

ჰოდა, რისი თქმა მინდა: ძალიან, ძალიან რთული წელი იყო ჩემთვის, ყველა კონტექსტში. ძალიან გამიჭირდა ამ პირობის შესრულება, რაც ყველანაირ დისკომფორტს გულისხმობდა. ყოველდღე ზედმეტად და ცუდად ვგრძნობ თავს. ყოველდღე ისეთი რაღაცები მაწუხებს, რაზეც უკვე აღარ ვიცი, რა სიტყვებით ვილაპარაკო. ლაპარაკსაც კი გადავეჩვიე. მაგრამ გაჩუმებას მაინც არ ვაპირებ.

ანუ, წარმოიდგინეთ: მე მხოლოდ სიტყვიერად მიწევს ბრძოლა რაღაც ელემენტარულისთვის და მე ასე ცუდად ვგრძნობ თავს. და იმ ადამიანებს, ვისაც მართლა პირადად ებრძვიან და ფიზიკურად უსწორდებიან, ვეუბნებით, რომ პროტესტი არ ჰქონდეთ. აი, რანაირად?

ჰო, არ გავჩუმდები, არასოდეს აღარ ვიფიქრებ, რომ მაინცდამაინც მე უნდა გავითვალისწინო სხვების კომფორტი და ინტერესები, მაგრამ ცუდად ვარ. ძალიან ცუდად ვარ და არ “მისწორდება” ყველაფერზე კამათი. აღარ მინდა, ყველასთვის დისკომფორტის მომტანი ვიყო.

ამიტომ, მივდივარ. როდის და როგორ, ჯერ ზუსტად არ ვიცი. მაგრამ აუცილებლად წავალ იმიტომ, რომ უკეთეს გარემოს ვიმსახურებ და არ მინდა, ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები ისევ აქაურობის უკეთესობისაკენ შეცვლის მცდელობას შევწირო. არ უნდათ არაფრის შეცვლა და მე დისკომფორტს ვუქმნი, როცა ვეუბნები, რომ ცუდად უნდა იყვნენ და კარგად რომ გრძნობენ თავს, ეგ ნორმალური არ არის. კარგად არიან და რა ქნან? რატომ გაბრაზდნენ, როცა არ ბრაზდებიან? რას ვთხოვ?

ოჯახს კიდევ იქიდან უფრო დავეხმარები იმიტომ, რომ აქ 10 წელია, გაუჩერებლად ვმუშაობ და მივხვდი, რომ სისულელეა, აქ შენი თავის ან რამის იმედი გქონდეს.

ვნახოთ, მომავალი წლის 13 ივლისს რას დავწერ, სად ვიქნები და როგორ ვიქნები. მაგრამ ეს გამოფხიზლების წელი იყო. იმის მიხვედრის, რომ აქ საკუთარი ოჯახის იქით ყველას ყველა და ყველაფერი ჰკიდია. იმის მიხვედრის, რომ ამ ქვეყანაში ვერ ვიცხოვრებ, თუ ყოველთვის სხვის კომფორტს და ინტერესს არ მოვერგები. რასაც, უბრალოდ, აღარ ვაპირებ.

ამიტომ, მადლობა ლექსოს. მადლობა, რომ გამომაფხიზლა. ალბათ, კვირა არ გასულა, არ გამხსენებოდა და ყელში ცრემლებად არ გამჩხეროდა ყველაფერი, რაც ამ პოსტში მეწერა.

და, „ელენე, ძაან ემოციური ხარ“ არაფერს არ მეუბნება, გარდა იმისა, რომ ამ ქვეყანაში ჩემი ადგილი არ არის.

სამწუხაროდ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g