ბიჭი „გაღმა ნაპირიდან“ – როგორია თედო ბექაურის ცხოვრება ფილმში გადაღების შემდეგ და რას საქმიანობს დღეს, ამაზე „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „შუადღე“ თავად ისაუბრა და როგორც აღნიშნა, თეატრალურში სწავლის გაგრძელება უსახსრობის გამო ვერ მოახერხა, თუმცა ოცნებაზე უარს არ ამბობს და იმედს იტოვებს, რომ სწავლას გააგრძელებს.
თედო ახლა ელიავას ბაზრობაზე მუშაობს და პარალელურად, თეატრალურ ლიტერატურას ეცნობა.
„ფილმის გადაღებების შემდეგ მსახიობობა მინდოდა და თეატრალურზე ჩაბარებას ვგეგმავდი, მაგრამ უსახსრობის გამო ვეღარ შევძელი მსახიობის კარიერის გაგრძელება. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ელიავაზე დავიწყებდი მუშაობას. ბაზრობაზე შემთხვევით მოვხვდი. მქონდა რაღაც გეგმები, მაგრამ რომ ვერ განხორციელდა.
პირველად ბაზრობაზე რომ მოვხვდი, შემეშინდა, რადგან აქ სხვანაირი ქაოსია. უცხო სამყარო იყო ჩემთვის. ადრე თუ ძირითადად გადაღებაზე ვიყავი და ახლა სულ სხვა სფეროში აღმოვჩნდი“,– აღნიშნა თედო ბექაურმა და „გაღმა ნაპირის“ გადაღებები გაიხსენა.
„ბავშვობა თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ ორბეთში გავატარე. ცხრა წლის ასაკში დედამ კლინიკაში წამომიყვანა. ფოიეში ვიჯექი, დედ ექიმს ესაუბრებოდა, ამ დროს შემოვიდა გიორგი ოვაშვილი ბავშვებთან ერთად. გიორგიმ გამომკითხა, სად ვცხოვრობდი და რამდენი წლის ვიყავი. კასტინგზე დამიბარეს.
პირველი დღე კარგად მახსოვს, გიორგიმ მითხრა, მაგიდაზე დავუკრავ და შენ იცეკვე, როგორც შეძლებო. ერთხელ დაუკრა, არ გავინძერი, ძალიან შემრცხვა. ასე რამდენჯერმე განმეორდა. ბოლოს მითხრა, ახლა შენი მოქმედებით შენს მომავალს გადაწყვეტო. ამ სიტყვების მერე დავიწყე ქაოსური ცეკვა. მითხრა, აქ გაჩერდი და აღარ იცეკვო, სანამ შენ გადაღებებს არ დავიწყებთო.
გიორგი ოვაშვილმა ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი შექმნა, დაწყებული ფილმიდან, დღევანდელ ცხოვრებამდე.
თეატრალურში რომ ვერ ჩავაბარე, დავიწყე თეატრალური ლიტერატურის კითხვა. დღესაც ხშირად დავდივარ ხოლმე თეატრში.“ – ამბობს თედო ბექაური და დასძენს, რომ თბილისში, მისი ცხოვრების მთავარი პრობლემა ფინანსურ კრიზისს უკავშირდება.
„თბილისში ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი პრობლემაა უსახსრობა. სამომავლოდ მე და ჩემს მეუღლეს გვინდა, რომ სწავლა გავაგრძელოთ. ჩემ მეუღლეს უნდა პედაგოგიკაზე ჩააბაროს. ყველა შემთხვევაში ასეთი გეგმა გვაქვს“.– ამბობს თედო ბექაური.
