ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ფინეთში იწვევს.
„საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. იგივე ეხება ეუთო-ს ყველა მონაწილე ქვეყანას. იმისთვის, რომ ხალხმა შეძლოს ამ უფლების გამოყენება, მათ სიტყვის თავისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სჭირდებათ, რათა სხვადასხვა პოლიტიკური ვარიანტებიდან არჩევანი გააკეთონ“, – წერს ელინა ვალტონენი X-ზე.
ამასთან, ვალტონენს მაგალითად ჰელსინკის დასკვნითი აქტის (1975) ორი მუხლი მოჰყავს.
„ამ სულისკვეთებით, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე და ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან 50 წლის შემდეგ, მე ფინეთში გიწვევთ, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დემონსტრაციას დააკვირდეთ.
P.S. ბოდიშს გიხდით, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის ცვლილების გამო მომიწია“, – მიმართავს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი კობახიძეს.
მოგვიანებით, ფინური გამოცემის helsingin sanomat-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, ელინა ვალტონენმა განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან დაგეგმილი შეხვედრა არა საქართველოს, არამედ ფინეთის ინიციატივით გაუქმდა გრაფიკის ცვლილების გამო და ამის შესახებ ქართულ მხარეს გუშინ ღამით აცნობეს.
მანამდე, 14 ოქტომბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი მივიდა. ელინა ვალტონენი პროტესტის მონაწილეებს გაესაუბრა.