1977 წელს, 42 წლის ასაკში გარდაცვლილი ელვის პრესლი სცენაზე ბრუნდება. რა თქმა უნდა, როკ’ენ’როლის მეფე მკვდრეთით არ აღმდგარა. ის აუდიტორიის წინაშე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ვირტუალურად, ჰოლოგრაფიული პროექციის სახით წარდგება, რომელიც მისი ათასობით პირადი ფოტოდან და ვიდეოდან შეიქმნება.
Elvis Evolution – იმერსიული შოუ ამ სახელწოდებით, სტარტს ნოემბერში, ლონდონიდან აიღებს. ცნობილია, რომ დიდი ბრიტანეთის შემდეგ, ,,ელვისის ევოლუცია” ლას-ვეგასში, ბერლინსა და ტოკიოში გაიმართება.
ცნობისთვის, იმერსიული ხელოვნება სივრცული ვიზუალური ხელოვნების, ახალი ტექნოლოგიებისა და მუსიკის სინთეზს ეფუძნება. სანახაობა განსაცვიფრებელი საკონცერტო გამოცდილება იქნება მაყურებლისთვის, რადგან ნატურალური ზომის ციფრული ელვისი ბრიტანულ სცენაზე, პირველად წარდგება.
შოუ ადამიანებს საშუალებას მისცემს – ,,შეაბიჯონ ელვისის სამყაროში”. წარმოდგენა საკულტო არტისტის თაყვანისმცემლებს ათწლეულებით უკან გადაიყვანს და მას ახალ თაობასაც გააცნობს.