LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემოციები სამსახურში და მათი გამოხატვა – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

917
ნინო-ეფხოშვილი

ემოციები სამსახურში და მათი გამოხატვა – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოკონსულტანტმა ნინო ეფხოშვილმა ისაუბრა.

რა მითს ვხდებით ემოციებთან დაკავშირებით?

ემოციებთან დაკავშირებით ბევრ არასწორ გაგებას და მითს ვხვდებით, მაგალითად, ყველაზე გავრცელებული არასწორი დამოკიდებულება არის ის, რომ არსებობს ცუდი და კარგი ემოციები და ჩვენ მხოლოდ კარგ ემოციებს უნდა განვიცდიდეთ, ასევე, ხშირად გვგონია, რომ ჩვენ ემოციების მართვა შეგვიძლია და რომ უნდა დავთრგუნოთ ე.წ. ნეგატიური ემოციები. სინამდვილეში, არ არსებობს ცუდი და კარგი ემოციები, ყველა ემოცია ადაპტაციური ხასიათისაა და გარემოსთან ადაპტაციაში გვეხმარება. შესაბამისად, ყველა ემოცია არის რესურსი და ის წარმოიშობა იმისთვის, რომ არსებულ გამოწვევასთან გამკლავებაში დაგვეხმაროს. მე თუ ვიფიქრებ, რომ სევდიანი არ უნდა ვიყო, მაშინ როცა ჩემს ირგვლივ ისეთი ამბები ხდება, რაც სევდას იწვევს, არასწორია. სიხარული ვერ დამეხმარება, მაგალითად, მაშინ როცა ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი დავკარგე, სევდა ერთადერთი სწორი ემოციაა ამ დროს და მისი გადამუშავება ემპათიური მოსმენით ხდება. 

მე თუ ვეცდები ჩავანაცვლო ეს ემოცია, არ მოხდება რეალური ემოციის გადამუშავება და ეს სევდა შესაძლოა მწუხარებად მექცეს.

შეიძლება თუ არა ემოციის მართვა?

რაც შეეხება ემოციების მართვას, თვითონ ტერმინი არასწორია, ჩვენ არ შეგვიძლია ემოციის მართვა, ემოცია აქეთ გვმართავს, ჩვენ შეგვიძლია ემოციის ნავიგაცია და ქცევის მართვა, ანუ საკუთარი თავის მართვა გარკვეული ემოციის ფონზე. ეს ნიშნავს, ყოველ მოცემულ მომენტში ვიცოდე რა ემოციას ვგრძნობ, რა ენერგია და ინფორმაცია მომიტანა ამ ემოციამ და როგორ გამოვიყენო ეს რესურსი სასურველი შედეგის მისაღებად. არასასიამოვნო ემოციების დათრგუნვა, სასიამოვნო ემოციების დათრგუნვასაც იწვევს და ჩვენ ასე ნელ-ნელა ვკარგავთ წვდომას ყველაზე ძვირფას რესურსთან, ე.წ. შინაგან „ჯი-პი-ეს“-თან.

ასევე ჩვენი შინაგანი კონტეინერი, რომელიც ემოციების არ გამოხატვის შემთხვევაში ადრე თუ გვიან აუცილებლად გადაივსება, უფრო ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს, ამან შეიძლება გამოიწვიოს ურთიერთობების გაფუჭება, წონის მატება, სომატიზაცია და უფრო მძიმე შედეგებიც. ჩვენ არ გვასწავლიან ჩვენს ემოციებთან ურთიერთობას არც სკოლაში, არც უნივერსიტეტში, ამიტომ შეიძლება ძალიან კარგად ვიცოდე საქმე, მაგრამ სწორედ ემოციები მიშლიდეს ხელს ამ საქმის სამსახურში საუკეთესოდ შესრულებაში.

მაგალითად, თუ დიდი ხანი ვცდილობ დავთრგუნო ჩემი ემოციები, თანამშრომლებს არ ვაძლევ უკუკავშირს მათ ქცევასთან დაკავშირებით, ჩემი „ემოციების კონტეინერი“ გადაივსება და შეიძლება არაადეკვატურად მოვიქცე, ეს არც ურთიერთობას წაადგება და არც მე და არც სხვას განვითარებაში არ დაეხმარება, მაშინ როცა, თუ სწორ დროს სწორად გამოვხატავ ჩემს ემოციებს, სწორ უკუკავშირს გავცემ, ეს იქნება ერთის მხრივ პირადი საზღვრების დაწესება და მეორეს მხრივ განვითარების შესაძლებლობა. 

როგორი დამოკიდებულებაა ამ საკითხთან დაკავშირებით ორგანიზაციებში?

დღესდღეობით ორგანიზაციები მიხვდნენ ემოციების მნიშვნელობას საკუთარი თანამშრომლების ეფექტიანობის ზრდისთვის და ამიტომ ხშირად ვატარებ ,,ემოციური ინტელექტის” ტრენინგს საჯარო თუ კერძო კომპანიების თანამშრომლებისთვის და ეს ძალიან კარგად აისახება მათ კეთილდღეობასა და ეფექტიანობაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g