ვეტერანი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ესპანეთთან თამაშს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მან ეროვნულ ნაკრებს მადლობა გადაუხადა.
„ემოციებისგან დაცლილი ვარ, ჩვენი ფეხბურთელებისა და მთლიანი შემადგენლობის მიმართ მხოლოდ პატივისცემისა და მადლიერების გრძნობა მამოძრავებს.
საქართველომ დაწერა ისტორია, გარდა სპორტული შედეგისა, ჩვენ მოვიგეთ მსოფლიოს გულები.
ჩვენ ვაჩვენეთ რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას.
მადლობა ეროვნული ნაკრებს, რომ საქართველოს დროშა, ჩვენი ფერები, ჩვენი გერბი, ჩვენი სულისკვეთება, ჩვენი ბრძოლა და ჩვენი დაუოკებელი სწრაფვა წარმატებისკენ მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოაქციეთ.
გაუმარჯოს საქართველოს!“, – წერს გიორგი ქინქლაძე სოციალურ ქსელში.
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და ევრო 2024 ღირსეულ ბრძოლაში დაასრულა. პირველი გოლი ესპანელთა კარში გავიდა, თუმცა საბოლოოდ საქართველო 1:4 დამარცხდა.
„ეს დასასრული არაა… ჩვენ უფრო ძლიერები დავბრუნდებით“ – გიორგი მამარდაშვილი