LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენდოკრინოლოგი ნინო დოლიძე: „D ვიტამინის ნაკლებობას პაციენტები გადაჭარბებულად აღიქვამენ…“

1442
vtmndnews

მედიცინის დოქტორი, ენდოკრინოლოგი, მარდალეიშვილის დიაგნოსტიკურ ცენტრში ენდოკრინოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსით ეხმაურება იმ ისტერიას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დე ვიტამინის ნაკლებობას ეხება. ბოლო დროს ერთგვარ ტრენდად იქცა ამ ვიტამინზე ანალიზის გაკეთება და შემდეგ უამრავი საშუალების მიღება მისი დეფიციტის აღმოსაფხვრელად.

გთავაზობთ ექიმის სუბიექტურ მოსაზრებას ამ თემასთან დაკავშირებით:

„იმდენად დიდია ინტერესი დ ვიტამინის დეფიციტის მიმართ, რომ გადავწყვიტე, ზოგიერთი რამ გაგიზიაროთ. დღეს პაციენტები დ ვიტამინის საკითხს, პირველი რიგის პრობლემად აღიქვამენ, რაც ერთი მხრივ სწორია, მეორე მხრივ – გადაჭარბებული.

D ვიტამინის გამოკვლევა ორგანიზმში, ერთგვარი „ტრენდია“, რომ დავიანგარიშოთ, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პარამეტრი იქნება თბილისის ლაბორატორიებში, რატომ? ამას აქვს თავისი ახსნა და შევეცდები, რომ თანმიმდევრული ვიყო:

  1. თვითონ სიტყვა „ვიტამინი“ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ორგანიზმი სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთიერების გარეშე ვერ იარსებებს; დ ვიტამინის მაჩვენებლის გამოკვლევის სურვილს ისიც ამძაფრებს, რომ გარშემო გვესმის მისი ტოტალური ნაკლებობის შესახებ, მაგრამ თუ რატომ არის, მისი ნაკლებობა საშიში, ამის შესახებ ძალიან ცოტა ვიცით
  2. D ვიტამინის დეფიციტი მდგომარეობაა და არა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაავადება
  3. D ვიტამინი ჰორმონია, რომელიც არეგულირებს კალციუმის ცვლას და მინერალიზებულ ქსოვილში კალციუმისა და ფოსფორის მარილების ჩაშენებას. რთულად ვხსნი? მაშინ გავამარტივებ: ჩვენი ჩონჩხი კარკასია, რომელიც ჯერ „რბილი“, „ელასტიკური“ ცილებით ივსება და ნელ-ნელა მასში კალციუმის ჩალაგებით ხდება მკვრივი, ძლიერი და ტვირთამწევი. ჩონჩხის „ესკიზმა“ რომ დასრულებული ფორმები მიიღოს, ამისთვის მასში კალციუმი და ფოსფორი უნდა მოხვდეს. ძვლების ზრდისა და გამკვრივების პროცესს აწესრიგებს D ვიტამინი, გარდა ამისა, დ ვიტამინი, როგორც „მთავარი არქიტექტორი“, თავისი მისიის დასრულების შემდეგაც, როდესაც ჩონჩხი უკვე ფორმირებულია, ცდილობს, რომ ამ „კარკასში“ მოხვედრილი კალციუმი, უკუპროცესით, ისევ არ დაიკარგოს და ამიტომ, მუდმივად ეწევა „შემანარჩუნებელ“ კონტროლს.
  4. მოდით გავერკვეთ, „ეს ჩვენი არქიტექტორი უცნაური კაცია“ თუ არა? ადამიანის ფიზიოლოგია ისეა მოწყობილი, რომ დ ვიტამინის გამომუშავება თავისთავადი პროცესია და ამ ფორმულით გამოისახება: დ ვიტამინი = მზე + კანი ( ცოტა უფრო რთულად, 1. ჩვენ კანში გვაქვს ქოლესტერინი 2. ქოლესტერინისა და მზის სხივების ურთიერთკავშირი გვაძლევს ვიტამინ დ-ს ნახევარფაბრიკატს, რომელსაც ორგანიზმი იმარაგებს და შემდეგ იყენებს).
  5. ჩვენი “არქიტექტორი“, მართლაც უცნაური კაცია და დიდი გზა აქვს, ვიდრე თავის მისიას შეასრულებს. პირველი და მთავარი უცნაურობა კი ისაა, რომ მზეზე გასეირნება, ფანჯარასთან ჩამოჯდომა, მზის ამოსვლის ან ჩასვლის რომანტიკა, ორგანიზმში დ ვიტამინს ვერ გამოიმუშავებს. კანში არსებული ქოლესტერინის ერთ-ერთი ფორმა რომ დ ვიტამინად გადავაქციოთ, კანი სულ ცოტა მაინც უნდა შევარდისფრდეს, შეწითლდეს. 10-15 წუთი მზეზე მიფიცხება და მაშინ ყველაფერი რიგზეა ( აითვალისწინეთ, რომ კანის ფართობსაც მნიშვნელობა აქვს – მხოლოდ ლოყების „შეღაჟღაჟება“ საკმარისი რაოდენობის დ ვიტამინის მომცემი არაა).
  6. შევთანხმდით, რომ დ ვიტამინის 80% ჩვენს ორგანიზმში მზის საშუალებით გამომუშავდება, ხოლო 20% საკვებით, ამიტომაა, რომ დ ვიტამინი 80%-ით ჰორმონია, ხოლო 20%-ით ვიტამინი.
  7. რა დაგვემართება დ ვიტამინის დეფიციტისას? რა მოგვივა, თუ მზეზე არ ვხვდებით და თუ საკვებით, საკმარისი რაოდენობით დ ვიტამინს არ მოვიხმართ? აქ პატარა „ლირიული“ გადახვევის უფლებას მივცემ თავს და გაგახსენებთ 90იანი წლების ზამთრებს. ალბათ, რთულად წარმოსადგენია, იმაზე უარესად იკვებებოდეს ადამიანი, როგორც იმ პერიოდის თბილისის მოსახლეობა (მიუხედავად გასაოცარი მცდელობებისა, პროდუქტები უბრალოდ არ მოიპოვებოდა! „პირამიდა“ ჯინსებში, ორმაგ ტყავის ქურქებში და „ტურბოებს“ მიფიცხებულები, ვერც მზეზე ვხვდებოდით და ვერც თევზეულით ვინებივრებდით თავს. ალბათ, ისიც გახსოვთ, რომ თბილისურ სახლებში, ინტერიერში, მცენარეს თავისი მკაცრი ადგილი ჰქონდა მიჩენილი – მზიანი ფანჯრების რაფები. სხვა ადგილას, ისეთი სიცივე და უმზეობა იყო მაშინ ოთახებში, ქოთნის მცენარეებს ვერც გაახარებდით. ამ პერიოდში, არც მოტეხილობები მახსოვს დიდებსა და მოხუცებში და არც რაქიტისთვის დამახასიათებელი დეფორმაციები ბავშვებში.
  8. ლოგიკა კი ასეთია, დ ვიტამინის ნაკლებობისას ჩვენი ორგანიზმის ძვლოვანი სისტემის „არქიტექტორი“ ვერ შეასრულებს თავის მთავარ საქმეს: ა. ზრდის პროცესში ბავშვებს და მოზარდებს ექნებათ ელასტიკური, რბილი, კალციუმით „ღარიბი“ ძვლები, მივიღებთ ზრდაში ჩამორჩენას და დეფორმაციებს ბ. ზრდასრულ ორგანიზმში დაიწყება ან გაღრმავდება, უკვე კალციუმის შემცველი ქსოვილის ( ანუ ძვლის) გამოფიტვა, იქიდან კალციუმის გამორეცხვა, რადგან ორგანიზმმა, ეს კალციუმი თავისი ფიზიოლოგიური მიზნებისთვის უნდა გამოიყენოს. ნებისმიერი ქსოვილი, რომელიც კალციუმს შეიცავს – თმა, ფრჩხილი, კბილი, უფრო მეტად დაზიანდება და გარდა ჯანრთელობის პრობლემისა, შეგვექმნება კოსმეტიკური პრობლემებიც.
  9. კიდევ ერთ საკითხზე მინდა თქვენი თანხმობა და ამით, მოვხსნი იმ შიშსა და ტერორს, რომელიც სისხლში დ ვიტამინის დაბალი მაჩვენებლებით არის გამოწვეული. დ ვიტამინი, ჩონჩხის მრავალწლიანი ფორმირების მნიშვნელოვანი „არქიტექტორია“ და ამავე დროს, უკვე აშენებული ჩონჩხის გამოფიტვას ეწინააღმდეგება. ეს პროცესი თვეების, წლების განმავლობაში მიდის, ამიტომ თუ დღეს, ამ კვირაში, თუნდაც ამ თვეში აიღებთ სისხლს და გაქვთ დ ვიტამინის დაბალი მაჩვენებელი, არ შეგეშინდეთ იმის, რომ დღესვე, ან ხვალ, დ ვიტამინის დაბალი დონე, „მოშვებული ონკანივით“ გამორეცხავს ძვლებიდან მთელ კალციუმს და ამიტომ – ზეგ, გაგვივითარდებათ მოტეხილობა; არც იმას ნიშნავს, რომ ზრდის პროცესში მყოფი ძვალი (ბავშვები, მოზარდები) კალციუმის გარეშე დარჩება და დილით, გაღუნული ფეხებით ან სქოლიოზით გაგვეღვიძება. ამით, იმის თქმას ვცდილობ, რომ დრო გვაქვს, არსად გვეჩქარება და დ ვიტამინის უკმარისობის შევსებას, თანმიმდევრულად და მშვიდად შევუდგებით. გაგრძელება, აუცილებლად იქნება… ის, რაც დავწერე, მხოლოდ ჯანმრთელი ადამიანების ფიზიოლოგიას ითვალისწინებს და არა დ ვიტამინის ნაკლებობას, როგორც სხვა, თანმხლები პათოლოგიის ხელშემწყობ ფაქტორს“.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g