LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ენერგეტიკული უსაფრთხოება მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს” – თბილისში განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კონფერენცია იმართება

79
ing (2)

მთავრობის ძალისხმევის მხარდასაჭერად, ქვეყანაში უფრო სტაბილური, საიმედო და განახლებადი ენერგიის განვითარების მიზნით, თბილისში განახლებადი ენერგიის
ინვესტიციების შესახებ კონფერენცია იმართება.

კონფერენციას “USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში” მასპინძლობს.

ორგანიზატორების განცხადებით, კონფერენცია ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის მხარეების წარმომადგენლებს, განახლებადი ენერგიის ეკონომიკური და სოციალური სარგებლიანობის შესახებ.

ენერგეტიკულ სექტორში ჩართულ მხარეებს მიეცემათ შესაძლებლობა, ურთიერთობები გაამყარონ სხვადასხვა დაინტერსებულ მხარესთან, განახლებადი ენერგიის ინვესტიციების გაზრდის მიზნით.

კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა განახლებად ენერგიის წყაროებში ინვესტიციების წახალისების მნიშვნელობას კლიმატის გამოწვევების ვალდებულებების
შესრულებაში, ასევე საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და ეკონომიკური სტაბილურობის გრძელვადიანი მიზნების დაცვას.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, კონფერენცია გააერთიანებს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაინტერესებულ მხარეებს, დეველოპერებს, ინვესტორებს, დონორებს, საელჩოებს და ფინანსურ ორგანიზაციებს, რათა გაცვალონ მოსაზრებები და განიხილონ განახლებადი ენერგიის წყაროების პროექტების განვითარების შესაძლებლობები და გამოწვევები, ასევე მოსალოდნელი ენერგეტიკული ბაზრის სტრუქტურა, რეგიონული ელექტროენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობები და საერთო ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები.

 

 

კონფერენციის გახსნამდე, მის მნიშვნელობაზე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე მრავალი წელია, აშშ საქართველოში სუფთა, განახლებადი და ხელმისაწვდომი ენერგიის ხელშეწყობისთვის მუშაობს:

“ამ ხნის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს საქართველოში სუფთა, განახლებადი და ხელმისაწვდომი ენერგიის ხელშესაწყობად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური განვითარებისთვის და ასევე იმისთვის, რომ ქვეყანა ენერგეტიკული თვალსაზრისით უფრო დამოუკიდებელი იყოს და შესაბამისად არ იყოს დამოკიდებული სხვა ქვეყნებზე.

გარდა ამისა, სუფთა ენერგიის მოთხოვნების დაკმაყოფილება ჰპასუხობს კლიმატის გამოწვევებს, რაც ასე მნიშვნელოვანია როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში.

განახლებადი ენერგიის წყაროები ხელს უწყობს ბუნების დაცვას – მაშინ, როდესაც გაქვთ ასეთი არაჩვეულებრივი, ლამაზი ბუნება; ასევე ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და, მე ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს აქ არის პლატფორმა იმისათვის, რომ მასში მონაწილეობა მიიღონ როგორც ინვესტორებმა, ასევე სამოქალაქო საზოგადოებამ, მთავრობის წარმომადგენლებმა და ისაუბრონ იმაზე, თუ რა გზები არსებობს ამ სფეროს კიდევ უფრო ხელშესაწყობად და მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ამ კონფერენციას დავესწრო”, – განაცხადა კელი დეგნანმა მედიასთან.

 

 

კონფერენციის გახსნაზე აუდიტორიას სიტყვით მიმართა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე ისაუბრა:

“განახლებადი ენერგიის შესახებ კონფერენციაში მონაწილეობა ჩვენი სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

როდესაც საუბარია იმაზე, თუ რა ტიპის ხედვა და პოლიტიკა აქვს ქვეყანას, ამაზე პასუხი ძალიან მარტივია – ასოცირების ძალიან კომპლექსურ შეთანხმებაში, ფაქტობრივად,  ქვეყნის ცხოვრების ყველა მიმართულება არის გაწერილი, მათ შორის, ენერგეტიკის განვითარების კუთხით, ძირითადი პრიორიტეტები განსაზღვრულია, რაც გულისხმობს საქართველოს ენერგეტიკის სისტემის იმგვარ განვითარებას, რომელიც ქვეყანას კიდევ უფრო დააახლოებს ევროპულ პრინციპებთან და ქართული კანონმდებლობა ევროდირექტივებთან შესაბამისობაში იქნება.

რა თქმა უნდა, ევროდირექტივები განსაზღვრავს უფრო გამჭვირვალე საბაზრო ურთიერთობებს ენერგეტიკულ სექტორში და, რა თქმა უნდა, ეს ს არის წინაპირობა, რომ საქართველოში ზოგადად ენერგეტიკის განვითარება იყოს იმგვარად, რომ ეს იყოს კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი.

არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ენერგეტიკული უსაფრთხოება, რომელიც თავისთავად გავლენას ახდენს ეკონომიკის ყველა მიმართულებაზე, ასევე პოლიტიკურ გარემოსა და სოციალური ცხოვრების ყველა მიმართულებაზე.

საქართველო ისწრაფვის, რომ გახდეს ქვეყანა, რომელსაც გააჩნია დასავლური, დემოკრატიული ღირებულებები, გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი და ამ მიზნის მისაღწევად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებაა და ჩვენ გვესმის, რომ მისი გაუმჯობესება ხდება განახლებადი ენერგიის სხვადასხვა წყაროს განვითარებით ისე, რომ ქვეყანაში ხარისხიანი ენერგიის საიმედო და უწყვეტი მიწოდება ხდებოდეს ყველა მომხმარებლისთვის შესაბამისად ხელმისაწვდომ ფასად და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

 

 

დღესვე კონფერენციაზე საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციამ (GREDA) წარადგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც განახლებადი ენერგიის სადგურების მიერ გადახდილი გადასახადის მნიშვნელოვანი წილი ადგილობრივ თემებში გადანაწილდება.

საკანონმდებლო ინიციატივაზე განახლებადი ენერგიის ინვესტიციების საკითხისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი აბრამიშვილმა ისაუბრა.

“კანონპროექტზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. შინაარსი დიდწილად ეფუძნება ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგიის დირექტორატის (NVE) მიერ განხორციელებულ კვლევას, რომლის თანახმად, განახლებადი ენერგიის სადგურების მშენებლობისას არსებული სოციალური საკითხების დარეგულირების ერთ-ერთი წარმატებული მექანიზმი სწორედ ქონების გადასახადის ადგილობრივ თემებში გადანაწილება შეიძლება, იყოს. იგივე მოდელი მოქმედებს ნორვეგიაშიც, სადაც განახლებადი ენერგიის სადგურების მიერ გადახდილი ქონების გადასახადი მთლიანად ადგილობრივ ბიუჯეტებს ხმარდება.

მსგავსი კანონის არსებობის შემთხვევაში ჩვენ ასევე მივიღებთ მეტად პროგნოზირებად და სტაბილურ საინვესტიციო გარემოს, რაც დადებითად აისახება, მათ შორის, სექტორში უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე”, – განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.

მისივე თქმით, დოკუმენტის სამუშაო ვერსია მზად არის და ამჟამად შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია (GREDA), განახლებადი ენერგიის სადგურების დეველოპერ და მფლობელ 40-მდე კომპანიას აერთიანებს.

ორგანიზაციის მიზნებია საქართველოში განახლებადი ენერგიის პროექტების ხელშეწყობა, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და განახლებად ენერგიასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება. აღნიშნული მიზნების მისაღწევად, ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს როგორც კერძო და საჯარო სექტორებთან, ასევე, ფინანსურ ინსტიტუტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.