“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახალ კამპანიას „ვეღარ გააყალბებ“ იწყებს, რომლის მიზანია წინასაარჩევნო პერიოდში არსებული დარღვევებისა და ძალადობის ფაქტების შესწავლა და გასული წლის საპარლამენტო არჩევნების დროს „მომხდარი უკანონობისა და განუკითხაობის განმეორების საშიშროების აღმოფხვრა“.
კამპანიის „ვეღარ გააყალბებ“ შტაბს ლევან ბეჟაშვილი და ზაზა ბიბილაშვილი უხელმძღვანელებენ.
ენმ ყველა ოპოზიციურ პარტიას მიმართავს და სთხოვს, ჩამოაყალიბონ გაყალბების საწინააღმდეგო ერთობლივი საბჭო.
„მივამართავთ ყველა ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს – ამ კამპანიაში მაქსიმალურად ბევრი ადამიანი უნდა ჩაერთოს – ყველა, ვინც აცნობიერებს, რომ ქვეყნის არაფორმალური მმართველი, რომელმაც მხოლოდ სიღატაკე და უიმედობა მოუტანა ხალხს, არ აპირებს ხელისუფლების დემოკრატიული გზით დათმობას. თითოეული თქვენგანის ჩართულობა ამ შტაბის წარმატებული მუშაობის საწინდარია. ვამხილოთ უსამართლობა და ვებრძოლოთ მას. ვუთხრათ ივანიშვილს – ვეღარ გააყალბებ! განსხვავებით ადრინდელისგან, ჩვენ აღარ შეგაჩერებთ. პირიქით, ჩვენ ვიბრძოლებთ თქვენთან ერთად,“ – აცხადებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“.