“ქვეყნის მასშტაბით ეპიდსიტუაცია უარესდება. თუმცა, ეს პროგნოზირებადი იყო” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მთელ მსოფლიოში მეორე ტალღა მიმდინარეობს და შემთხვევების საკმაოდ ინტენსიური ზრდა არის.
“ევროპის რუკაზე, ინფიცირების რაოდენობით, საკმაოდ დაბლა ვართ. თუმცა, შემთხვევების ზრდა კიდევ იქნება. უახლოესი, ორი სამი-კვირის განმავლობაში შეიძლება შემთხვევების შემცირება დაიწყოს. მაქსიმალურად ვცდილობთ ყველაფერი შესაბამისად გავაკონტროლოთ.
ასევე აღნიშნა, რომ 12% მძიმე შემთხვევებია, ხოლო, 1.5% კრიტირკულია. მთავარი აქცენტი, პაციენტების ამბულატორიულ მკურნალობაზე კეთდება.
როდესაც გვაქვს ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, ხველა, ყნოსვის დაკარგვა, დიარეა, ამ დროს აუცილებელია დავუკავშირდეთ ექიმს. ის გეტყვით, საჭირო იქნება ბინაზე დარჩენა თუ კლინიკაში გადაყვანა. უნდა წახვიდეთ ტესტის გასაკეთებლად და პასუხის მოსვლამდე, სასრუველია იყოთ იზოლაციაში, ექიმის რეკომენდაციების მიხედვით”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მან ასევე ისაუბრა საზოგადოებაში არსებულ პანიკაზე, რომ სიტუაცია ძალიან რთულია, მაგრამ პანიკას არ უნდა ავყვეთ. პანდემია არ ჩერდება, მაგრამ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. შემთხვევათა უმრავლესობა მიდის მსუბუქად, მაგრამ გარკვეული პროცენტი კრიტიკულად.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ცხელების კლინიკებში სწრაფ ტესტებს გამოიყენებენ. აღნიშნულის თაობაზე დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს. როგორც გამყრელიძე ამბობს, სამომავლოდ სწრაფი ტესტების მოხმარების არეალი შეიძლება კიდევ გაფართოვდეს.
ამირან გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ 1351 ახალი შემთხვევიდან 61 სამედიცინო პერსონალია.
შეგახსენებთ, რომ დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევიდან თბილისში დაფიქსირდა 445, აჭარის რეგიონში – 369, იმერეთში კი – 295.