“ეპიდემიური სურათის გათვალისწინებით, შესაძლოა, დამატებითი ღონისძიებების გატარების საკითხი დადგეს,” – როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, უჭირს საუბარი, კონკრეტულად, რა დამატებითი ღონისძიება გახდება საჭირო, თუმცა აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სექტორის მხრიდან მობილიზაციის ხარისხი გაიზრდება.
თამარ გაბუნიას განცხადებით, მობილობა ეპიდემიის მთავარი მკვებავია და მობილობის შეზღუდვა პირდაპირპროპორციულ კავშირშია შემთხვევების მატებასთან, ან კლებასთან:
მაისის შუა რიცხვებში ვირუსის პიკური მაჩვენებელი იქნება: გაბუნია
“მობილობის შეზღუდვის გარკვეული მექანიზმი, რომელიც ახლა მოქმედებს, ეს არის უქმე დღეები 12 მაისამდე, რა თქმა უნდა, ამას ექნება გარკვეული ეფექტი და ეპიდემიური სურათის გათვალისწინებით, შესაძლოა, დადგეს საკითხი დამატებითი ღონისძიებების შესახებ. კონკრეტულად, რა დამატებითი ღონისძიება დაგვჭირდება, ამასთან დაკავშირებით, დღეს საუბარი მიჭირს, მაგრამ ჯანდაცვის სექტორის მხრიდან მობილიზაციის ხარისხი გაიზრდება.
ჩვენ, როცა ნოემბერი, დეკემბერი გავიარეთ, ამ პერიოდში დღიური მაჩვენებელი 5000 და მეტი იყო, იმ პერიოდში მობილიზებული საწოლფონდი შეადგენდა 7 500-ს, რაც იმ პერიოდისთვის მაქსიმუმი იყო სისტემის მობილიზაციისთვის. არანაირი პროგნოზით არ ვფიქრობთ, რომ შემთხვევების ამ რაოდენობას უნდა მივაღწიოთ, რადგან ქვეყანაში გარკვეული იმუნიტეტი ისედაც ჩამოყალიბდა, მაგრამ ერთი, რომ მიმდინარე პერიოდში არსებული დასვენების დღეები გარკვეულ შეღავათს შემთხვევების გავრცელების კუთხით მოგვცემს და მეორე, ჯანდაცვის სისტემის მზაობა ამ პერიოდში იქნება პიკური, მაქსიმალური, 6000 საწოლია დღეს და კიდევ დაემატება, რადგან თუკი ამგვარი დატვირთვა გახდა საჭირო, ამისთვის სისტემა მზად იყოს.
მესმის, გინდათ კონკრეტული მექანიზმების შესახებ მოსმენა, მაგრამ ეს ისევ ეპიდემიური სურათიდან გამოჩნდება. მობილობა არის მთავარი მკვებავი ეპიდემიის, ანუ მობილობის შეზღუდვა პირდაპირპროპორციულ კავშირშია შემთხვევების მატებასთან, ან კლებასთან. ამდენად, მეტი ეფექტური მექანიზმი გარდა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებისა, არ არსებობს.” – განაცხადა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, დღეს თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ მაისის შუა რიცხვებში, კორონავირუსის შემთხვევების პიკია მოსალოდნელი, თუმცა აღნიშნა, რომ ინფიცირებულების რაოდენობის დღევანდელი მაჩვენებელი ეპიდემიიის ზრდის ტენდენციების ჭეშმარიტი მაჩვენებელი არ არის და ის დაგროვილი შემთხვევებია.