LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეპიდვითარება ოქტომბრიდან უნდა დასტაბილურდეს: ირაკლი ღარიბაშვილი

37
ირაკლი ღარიბაშვილი

„ექიმებისა და მეცნიერების პროგნოზით, ეპიდვითარება ოქტომბრიდან უნდა დასტაბილურდეს,“ – ამის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ სიტუაციაში პირბადის ტარება და აცრა არის გამოსავალი, იმისთვის, რომ ქვეყანა არ ჩაიკეტოს და ეკონომიკური განვითარება გაგრძელდეს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება ეპიდსიტუაციას ყურადღებით აკვირდება. მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში, სიტუაცია შედარებით, თითქოს, დასტაბილურდა და  პროცესი დამშვიდებისკენ მიდის, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ უნდა მოვეშვათ და მაქსიმალურად მობილიზებულად უნდა გავაგრძელოთ.

„რა თქმა უნდა, მთელი ჯანდაცვის სისტემა ძალიან კარგად მუშაობს. მობილიზებულად მუშაობს, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს, რომელიც ჩვენს მოსახლეობას გმირულად ემსახურება.

ჩვენ ადრეც ვთქვით და მინდა გავიმეორო, რომ არცერთი მოქალაქე არ უნდა დაგვრჩეს ზრუნვის გარეშე და ყველას მაქსიმალურად ზრუნვა უნდა აღმოვუჩინოთ. გარდა ამისა, უნდა გავიმეორო, რომ ამ სიტუაციაში ჩვენთვის მთავარი გამოსავალი არის აცრები და ვაქცინაციისკენ ყველას უნდა მოვუწოდოთ. ჩვენ მილიონ ადამიანს მალე ავცრით,“ – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ სექტემბრის ბოლომდე ორი მილიონი მოქალაქე უნდა იყოს აცრილი. მათგან ზოგი იქნება ერთჯერადად, ზოგი ორჯერადად აცრილი.

„ალბათ, მილიონს გადატანილი ექნება კორონავირუსი და აქვს კიდეც. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვფიქრობთ და ჩვენი ექიმები და მეცნიერები ამბობენ, რომ შედარებით დასტაბილურდება სიტუაცია, მათი პროგნოზია ეს. რამდენიმე კვირა დაგვრჩა, რომ ყველამ ერთად გადავიტანოთ ეს მძიმე პერიოდი და ოქტომბრიდან, ყველა პროგნოზის მიხედვით, იქნება მშვიდი პერიოდი, დამშვიდდება სიტუაცია, თუმცა იქამდე უნდა მივიდეთ მობილიზებულად და ეს სიტუაცია უნდა იმართოს,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ისიც დასძინა, რომ აცრების პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს. მისი თქმით, ეს პროცესი კიდევ უნდა გაფართოვდეს და რეგიონებიც უნდა მოვიცვათ. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მინისტრმა ასევე გააფართოვა ვაქცინაციის პროცესი თბილისშიც, როცა აცრები ავტობუსებშიც დაიწყო. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ასევე მნიშვნელოვანია სამხედრო ექიმების ჩართულობა, რომლებიც რეგიონებში სოფლად დადიან და მოსახლეობას ადგილზე ცრიან.

„ჩვენ ყველა სოფელში უნდა ჩავიტანოთ ვაქცინები და მოსახლეობას უფასო აცრა ადგილზე შევთავაზოთ. მოსახლეობამ საკმაოდ დიდი მზაობა გამოიჩინა. ეტაპობრივად იხსნება სკეპტიკური დამოკიდებულება, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კომუნიკაცია.

ამ სიტუაციაში პირბადის ტარება და აცრა არის გამოსავალი იმისთვის, რომ ქვეყანა არ ჩაიკეტოს, ეკონომიკური განვითარება გაგრძელდეს და ჩვენც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g